მიტროპოლიტი სტეფანე: „მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა“

გუშინ 14:48
81
მიტროპოლიტი სტეფანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი სტეფანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მთავარანგელოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების შეცვლის საკითხზე ისაუბრა.

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, არასწორია ადამიანის ურწმუნოდ მოხსენიება, თუ მისი მხრიდან აშკარა ღვთისგმობას არ აქვს ადგილი. მისივე განმარტებით, რწმენის ხარისხი ადამიანებში განსხვავებულია და ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ურწმუნოა.

„როცა იტყვი, რომ ვიღაცა არ არის მორწმუნე, მე როგორ უნდა ვთქვა, ვიღაცა არ არის მორწმუნე, თუ ის აშკარა ღვთისგმობაში არ არის? თუ ხედავ, რომ ღვთისგმობაა, მაშინ იტყვი სიტყვას, მაგრამ როცა უბრალოდ ადამიანზე იტყვი, რომ ურწმუნოა, მე რა ვიცი? მე არ ვიცნობ და როგორ ვამბობ, რომ ურწმუნოა? შეიძლება ადამიანი რწმენაში არ იყოს იმდენად, რამდენადაც საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ურწმუნოა. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მას მეტი გულმოდგინება სჭირდება უფალთან მისასვლელად“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ თავად ვერ იტყვის, თითქოს საქართველოს მთავრობა ურწმუნოა და ამიტომ უნდა წავიდეს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემები უნდა გამოსწორდეს, რისთვისაც საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნონ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არსებული ვითარების შეცვლამ უფრო მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს.

„რაც ცუდია, უნდა აღმოიფხვრას და ჩვენც უნდა ვეცადოთ და მთავრობასაც უნდა მოვუწოდოთ, მაგრამ ის კი არა, რომ ჩვენ ახლა უარესი მოვიყვანოთ. და მერე რა უნდა გააკეთო? ამათთან ცდილობ, რომ რაღაცა მოაწესრიგო და ცოტ-ცოტა წინ მივდივართ და ესენი რომ გაყარო, ვინ უნდა მოიყვანო? ვინ იქნებიან?“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მთავრობის შეცვლის მოთხოვნებს ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებიც უერთდებიან. მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილების საკითხი სპონტანური მოწოდებებით არ უნდა გადაწყდეს.

მიტროპოლიტის განცხადებით, ქვეყანაში უნდა დამყარდეს წესრიგი, ხოლო არჩევნების დროს გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და ხელისუფლებაში ის ძალა უნდა მოვიდეს, რომელსაც მოსახლეობა აირჩევს.

„დავამყაროთ ის სიტუაცია, როცა წესრიგია, და იქნება დრო არჩევნებისა და ვისაც აირჩევს ხალხი, ის იქნება“, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა წმინდა გიორგის მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ