სტრასბურგის სასამართლომ შეიხ მირტაგ ასადოვის საჩივარი დაუშვებლად ცნო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო (შეიხი მირტაგ ასადოვი) საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო (შეიხი მირტაგ ასადოვი) საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და ერთხმად დაუშვებლად გამოაცხადა.
სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია და განმარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 55 ეკლესია-მონასტრის მოვლა-პატრონობასა და მართვაზე პასუხისმგებელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია იყო. მომჩივან რელიგიურ ორგანიზაციას კი მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კავშირი არ გააჩნდა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია არ იმყოფებოდნენ ერთნაირ, შესადარებელ მდგომარეობაში. შესაბამისად, მათ შორის განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციად ვერ შეფასდებოდა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ დასკვნას ვერ შეცვლიდა ვერც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა და ვერც ის გარემოება, რომ ორივე ორგანიზაცია რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2022 წელს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნინო გიორგაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომლითაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაუქმდა.
სტრასბურგის სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსური რესურსების გამოყოფა ობიექტურ გარემოებებსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებას ეფუძნება და თავისთავად დისკრიმინაციულ ხასიათს არ ატარებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ესტონეთის ეკლესიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ხელისუფლების მხრიდან დევნის შესახებ.
