ქუთაისში II საერთაშორისო კონფერენცია „ოქროს საწმისის ქვეყანა“ გაიმართა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
5 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ოქროს საწმისის ქვეყანა“, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და სხვა საპატიო სტუმრები.
გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს სულიერი და კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტის განსაკუთრებულ წვლილზე ეროვნული ფასეულობებისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში.
კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საქართველოს ეკლესიის წინაშე პატრიარქის მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობისა და ქვეყნის ეროვნულ-სულიერ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მიმართ.
მეცნიერებასა და ქვეყნის სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესა და ცნობილ ეთნოლოგსა და ისტორიკოსს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილს.
ღონისძიება საზეიმო კონცერტითა და ოფიციალური მისალმებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც კონფერენციის მუშაობა სამეცნიერო სექციებში განახლდა. მკვლევრებმა და მეცნიერებმა საქართველოს სულიერი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მნიშვნელოვანი და სიღრმისეული კვლევები წარმოადგინეს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ოქროს საწმისის ქვეყანა“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და სამეცნიერო ტრადიციების მნიშვნელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
