„ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით“ — პატრიარქ შიო III-ის ქადაგება

19 აგვისტო 20:01
306
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: საზუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: საზუ

პატრიარქმა ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს მოუწოდა, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, გახდნენ უფრო მომთმენნი, მოსიყვარულენი და კეთილგანწყობილნი.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგება წარმოთქვა.

პატრიარქმა მრევლს ფერისცვალების დიდი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღის მთავარი არსი მხოლოდ ხილის კურთხევა არ არის. მისი თქმით, ფერისცვალება თითოეული ადამიანის სულიერ ცვლილებას, უკეთესობისკენ გარდაქმნასა და ქრისტეს გზაზე სიარულს გულისხმობს.

„უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ფერი ვიცვალოთ. უფალმა მოგვცა რწმენა, რათა ამ რწმენის მეშვეობით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, გარდაიქმნას ჩვენი სულიერი ცხოვრება და ფერი ვიცვალოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანის ფერისცვალება საკუთარი მოყვასითა და მასთან ურთიერთობის გამოსწორებით უნდა დაიწყოს.

„უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, გავხდეთ უფრო მომთმენნი; ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით; ვეცადოთ, მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა შიო III-მ ასევე ისაუბრა სიტყვით ადამიანის შეურაცხყოფისა და „სიტყვით მკვლელობის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს განკითხვის, მრისხანებისა და შურისძიებისგან.

ქადაგებისას პატრიარქმა განმარტა, რომ სულიერი ცვლილება თანდათანობით ხდება და ადამიანში სხვადასხვა სათნოება უნდა გაძლიერდეს – ზარმაცი გახდეს შრომისმოყვარე, ამპარტავანი – თავმდაბალი, ხარბი – ხელგაშლილი, ხოლო ბრაზიანი და უკმაყოფილო – ლმობიერი, მოსიყვარულე და კეთილგანწყობილი.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადამიანის შინაგანი ცვლილება მის გარშემომყოფებზეც აისახება, რადგან ოჯახის წევრები და ახლობლები ასეთ ადამიანში სიყვარულს, მოთმინებას, დახმარებისა და სიკეთის სურვილს ხედავენ.

„ეს გზა და საქმე ფერისცვალებისა უნდა იყოს მთელი ჩვენი ცხოვრების საქმე“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა სრულიად საქართველო დალოცა და უფალს ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

„ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში მკვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ