ეროვნულ არქივში პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ექსპოზიცია უწმინდესის სულიერ, ეროვნულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 22 აპრილს გაიხსნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას ეძღვნება. გამოფენა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.
ექსპოზიცია მრავალმხრივ წარმოაჩენს უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლს — ეკლესიის აღორძინებიდან და სასულიერო განათლების განვითარებიდან დაწყებული, კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობამდე.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით გადაცემული ორი შესამოსელი. მათ შორისაა სამოსი, რომელიც ილია II-მ 1977 წლის 25 დეკემბერს, ინტრონიზაციის დღეს ატარა, ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ღვთისმსახურებისას იყენებდა. გახსნის დღეს დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა საქართველოს პატრიარქების — ეფრემ II-ისა და ილია II-ის — კუთვნილი ჯვრებიც.
გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი თანამშრომლობა. ილია II არქივს სამჯერ ეწვია, ხოლო მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — XII საუკუნის ანჩის სახარებას. ეს ფაქტი ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ეროვნული არქივის, ისე საოჯახო არქივებში დაცული მასალა, მათ შორის ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ფოტომასალის ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის გამოტანილი.
გამოფენის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს პატრიარქ ილია II-ის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გამოფენის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლებით დასრულდა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს. დათვალიერება თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა.