ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას აღნიშნავს

წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატი. ფოტო: ღია წყარო
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა.
ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო.
ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა.
ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.
სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.”
ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.”
ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში გამოკეტა, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 სექტემბერს ეკლესია წმიდა დიდებულ მოწამე დედოფალ შუშანიკს მოიხსენიებს.
წაიკითხეთ ასევე
7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს
წმინდა თეკლამ პავლე მოციქულის ქადაგებით ქრისტე ირწმუნა, მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიცოცხლე ღვთის სიტყვის გავრცელებას მიუძღვნა.
ბათუმის სასულიერო სემინარიაში მედავითნეობის შემსწავლელი კურსი გაიხსნება
სწავლება 14 ოქტომბერს დაიწყება — ლექციები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:00 საათზე ჩატარდება.
11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს აღასრულებს.
ობუჯში ლეო ქიაჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბასილ კაცია დაესწრო.
აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის მე-15 შეკრება დასრულდა
მღვდელთმთავრებმა ამერიკული ჟესტური ენის ლექსიკონი დაამტკიცეს და ერთიანი კატეხიზმოს შემუშავებაზე მუშაობა განაგრძეს.
წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში ევროპული ენების დღე აღინიშნა
სასკოლო პროექტის „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.