26 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელს მოიხსენიებს

ანთიმოზ ივერიელის ხატი
26 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართველი წმინდანი, რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად მიიჩნეოდა, განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩა როგორც ეკლესიის, ისე განათლების, კულტურისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების საქმეში.
წმინდა ანთიმოზი ფლობდა მრავალ უცხო ენას, ღრმად იყო განსწავლული თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი ასევე იყო გამორჩეული მხატვარი, კალიგრაფი, გრავიორი, მოქანდაკე და ხეზე კვეთის ოსტატი. მისი საქმიანობა გადამწყვეტი აღმოჩნდა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და მართლმადიდებლური წიგნების გამოცემის საქმეში.
ისტორიული ცნობებით, ანთიმოზ ივერიელი სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი იყო. ახალგაზრდობაში მეფე არჩილს რუსეთში ახლდა და ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა, საიდანაც იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა გამოისყიდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო საფუძვლიანი განათლება და სრულყო თავისი მრავალმხრივი ნიჭი.
დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მთავრის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით, ვლახეთში გაემგზავრა, სადაც სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით წიგნის ბეჭდვამ არნახულ წარმატებას მიაღწია, ხოლო ვლახეთი მართლმადიდებლური წიგნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა.
1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად აკურთხეს, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად აირჩიეს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და განახლდა 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის ბუქარესტის ცენტრში მდებარე „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი, რომლის მთავარი კარისა და ქართული ორნამენტების ავტორიც თავად წმინდანი იყო.
მიტროპოლიტობის პერიოდში წმინდა ანთიმოზი აქტიურად იბრძოდა ვლახი ხალხის გათავისუფლებისთვის თურქთა და ფანარიოტთა ბატონობისგან. სწორედ ამ საქმიანობის გამო იგი გადააყენეს, ეკლესიიდან განკვეთეს და სინას მთაზე გადაასახლეს. თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია — 1716 წელს გალიპოლის მახლობლად თურქმა ჯარისკაცებმა იგი სასტიკად აწამეს, მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
წმინდა ანთიმოზ ივერიელი დღესაც ქართველთა და რუმინელთა საერთო სულიერ მემკვიდრეობად მიიჩნევა. მისი ცხოვრება რჩება რწმენის, განათლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და თავისუფლებისთვის თავდადების ნათელ მაგალითად.
ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენებას აღნიშნავს.
წაიკითხეთ ასევე
რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება
ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.
,,დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ახალგაზრდების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტს გამართავს.
გიორგი ზვიადაძე: ირანის ელჩის განცხადება უკიდურესად მიუღებელია
პროტოპრესვიტერის განცხადებით, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახა ისტორიული და სარწმუნოებრივი რეალობაა და საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან შეფასება აუცილებელია.
უკრაინაში პეტრესა და პავლეს ტაძარი რუსული დაბომბვის შედეგად მეოთხედ დაზიანდა
უკრაინის ქალაქ სუმის სასაფლაოზე ერთ-ერთი საჰაერო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ეკლესიის ფასადი, სახურავი და ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მონაწილეები ღირებულებითი განათლების მიმართულებით ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გაიღრმავებენ.