წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლი

ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი სვეტიცხოველის ფონზე. ფოტო: მჟკ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელთან. მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ქართული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი იყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო (ივერია), თუმცა მაცხოვრის გამოცხადებით, მან თავის ნაცვლად საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებული წარმოგზავნა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, როდესაც ღვთისმშობელს უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი წილხვედრი ქვეყანა სხვის მიერ უნდა განათლებულიყო, მან მოუხმო წმინდა ანდრია მოციქულს და უთხრა: „შვილო ანდრია, წილად მხვდა მე ქვეყანა ივერიისა, რათა განვანათლო იგი, ხოლო რამეთუ მიახლოებულ არს ჟამი ჩემი ამა სოფლიდან გასვლისა, წარვავლინებ სახესა ჩემსა ქვეყანასა მას შინა და შენ იყავ მცველად მისსა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა „მოითხოვა ფიცარი და მიიდო პირსა თვისსა ზედა და გამოისახა ხატი მსგავსი პირისა მისისა და მისცა იგი ნეტარსა ანდრიას და ჰრქუა: მადლი და შეწევნა ძისა ჩემისა და ღმრთისა და მფარველობა ჩემი იყოს შენთანა და ქვეყანასა მას შინა“.
ქართული და უცხოური საისტორიო წყაროებისა და საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, წმინდა ანდრია საქართველოში რამდენჯერმე შემოვიდა. მისი პირველი გაჩერება დიდაჭარა (დღევანდელი აჭარა) იყო.
ანდრია პირველწოდებულის სარფის საკათედრო ტაძარი, აჭარა, საქართველო
აქ მან იქადაგა სახარება და ადგილობრივები ქრისტიანულ სჯულზე მოაქცია: „მოვიდა ქვეყანასა მას, რომელსა ეწოდების დიდაჭარა და იწყო ქადაგებად სახარებისა.“ ხალხი თავიდან მტრულად შეხვდა უცხო ადამიანს, რომელიც მათ მამაპაპისეულ ღმერთებს უარყოფდა. თუმცა, მოციქულმა თან მოტანილი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით დაიწყო სასწაულების ქმნა. გადმოცემით, მან ხატის შეხებით მრავალი დავრდომილი და ბრმა განკურნა. სწორედ ამ სასწაულებმა აიძულა ადგილობრივები, დაფიქრებულიყვნენ მისი სიტყვების ჭეშმარიტებაზე: „იხილეს რა სასწაულნი დიდ-დიდნი, რომელნი აღესრულებოდეს ხატისა მისგან, განკვირდეს ფრიად.“ დიდაჭარაში ქადაგების შედეგად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოინათლა. ანდრია მოციქულმა გადაწყვიტა, რომ მათთვის სალოცავი ადგილი დაეტოვებინა და ააშენა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე.
ეს მიიჩნევა პირველ ქრისტიანულ ტაძრად, რომელიც მოციქულმა საქართველოში ააგო. სანამ დიდაჭარას დატოვებდა, წმინდა ანდრიამ ახლადმოქცეულ ქრისტიანებს დაუდგინა მღვდელმსახურები და დიაკვნები, რათა ლიტურგიული ცხოვრება არ შეწყვეტილიყო. ადგილობრივი გადმოცემით, რომელიც დღემდე ცოცხლობს აჭარაში, ანდრია მოციქულმა ერთ-ერთ ადგილას, სადაც ქადაგებდა, ჯვარი გამოსახა მიწაზე და იქიდან სამკურნალო წყარომ ამოხეთქა. ეს ადგილი დღემდე წმინდად ითვლება.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის არეალი საკმაოდ ვრცელია და ძირითადად მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აწყური, სადაც მოციქულმა დაასვენა სწორედ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომლითაც არაერთი სასწაული აღესრულა. აწყურის ღვთისმშობლის ხატია ანდრია მოციქულის ღვაწლის უმთავრესი სიმბოლო, რომელიც მოციქულმა აწყურშივე დატოვა, როგორც მფარველობისა და ქრისტიანული სარწმუნოების სიმტკიცის ნიშანი. ჰიმნოგრაფიული საკითხავ-საგალობელი აწყურში აღსრულებული სასწაულის გამო ამგვარად განადიდებს მოციქულს: „ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისუენა ხატი ყოვლადწმიდისა, და მით მოგუაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა“.
აწყური გახდა პირველი ადგილი, სადაც ჩამოყალიბდა სრულყოფილი საეკლესიო სტრუქტურა: მოციქულმა აქ ააშენა დიდი ტაძარი და დაადგინა პირველი ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. აწყური საუკუნეების მანძილზე დარჩა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეპისკოპოსო კათედრად. აქედან წმინდა ანდრია გურია-სამეგრელოს გავლით აფხაზეთში გადავიდა.
წმინდა ანდრია მოციქული აფხაზეთში მარტო არ ყოფილა. არაერთი წყაროს მიხედვით აქ მასთან ერთად ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი მათთან ერთად იყო წმინდა მატათა მოციქულიც. ეს იყო "სამოციქულო ერთობის" ყველაზე მასშტაბური მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე.
მოციქულებმა მოიარეს შავი ზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი პუნქტები: სებასტოპოლისი (თანამედროვე სოხუმი), ანაკოფია (ახალი ათონი) და ზემო ნაწილი - ჯიქეთი, საიდანაც ანდრია მოციქული უფრო ჩრდილოეთითაც გადავიდა, თუმცა იქაური მოსახლეობის სიმკაცრის გამო კვლავ უკან დაბრუნდა. ანდრია მოციქულის ქადაგებამ საფუძველი ჩაუყარა ბიჭვინთის საეპისკოპოსოს, რომელიც მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს მთავარ საეკლესიო ცენტრად იქცა.
ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი X საუკუნე, ბიჭვინთა, გაგრა,აფხაზეთი
აფხაზეთი არის ადგილი, სადაც ანდრია მოციქულმა დათესა ქრისტიანობა, ხოლო სიმონ კანანელმა ის საკუთარი სისხლით მორწყო, რითაც ეს მხარე ქართული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ და უძველეს ნაწილად აქცია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ანდრია პირველწოდებულის ქადაგებას აქვს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ იურიდიული და კანონიკური მნიშვნელობა. სწორედ წმინდა მოციქულის მოღვაწეობა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ეწოდება სამოციქულო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და, ზოგადად, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ამ ფაქტს ფუნდამენტური და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ავტოკეფალია (თვითმმართველობა) არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა, ის ეყრდნობა გარკვეულ კანონიკურ საფუძვლებს, რომელთა შორის "სამოციქულო წარმოშობა" უპირველესია. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანული სწავლება ჩვენთან უშუალოდ მაცხოვრის მოწაფისგან მომდინარეობს. გადმოცემის თანახმად, მან ხელი დაასხა პირველ მღვდლებსა და დიაკვნებს, რითაც საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო იერარქიას.
ამ მხრივ უაღესად მნიშვნელოვანია წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში მოთხრობილი ეპიზოდი, სადაც წმინდა მამა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე საუბრობს საქართველოს ეკლესიის შესახებ. ანტიოქიის პატრიარქმა თეოდოსიმ იმპერატორთან იჩივლა, რომ საქართველოს ეკლესია უკანონოდ სარგებლობდა ავტოკეფალიით. მისი არგუმენტი ასეთი იყო: „ანტიოქია არის სამოციქულო კათედრა (დაარსებული პეტრე მოციქულის მიერ), ხოლო საქართველოში არცერთ მოციქულს არ უქადაგია (მისი მტკიცებით). შესაბამისად, საქართველო ანტიოქიის სამწყსოა და ქართველი კათოლიკოსი ანტიოქიის პატრიარქს უნდა დაემორჩილოს“. იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ წმინდა გიორგი მთაწმინდელი, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ქართველი სწავლული, ანტიოქიაში დაიბარა ამ საკითხის გასარკვევად. კამათის დროს, როდესაც ანტიოქიელებმა ჰკითხეს: „ვისგან მიიღეთ სარწმუნოება?“, ღირსმა მამამ წამოაყენა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგების თეორია: „წმიდაო მეუფეო, წერილ არს, რამეთუ ათორმეტთაგანნი მოციქულნი წამოსრულ იყვნენ სოფლისა ქადაგებად. და ანდრია ძმაჲ პეტრესი შემოვიდა ქუეყანასა ჩუენსა და მოაქცივნა იგინი.“ გარდა ამისა წმინდა მამამ კიდევ ერთი არგუმენტი მოიშველია და აღნიშნა, რომ წმინდა პეტრე მოციქული, რომელმაც ანტიოქია აკურთხა, იყო უფროსი ძმა, ხოლო ანდრია მოციქული, რომელმაც საქართველო მოაქცია, იყო პირველწოდებული (პირველი, ვინც ქრისტემ იხმო). თუ პეტრე უფროსია, ხოლო ანდრია პირველი - შესაბამისად, ორივე ეკლესია თანასწორია და არცერთი არ ექვემდებარება მეორეს. წმინდა გიორგი მთაწმინდელმა კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი გამოიყენა: მან აღნიშნა, რომ ქართველებს არასოდეს გადაუხვევიათ მართლმადიდებლობიდან (არ ჩავარდნილან ერესში), განსხვავებით ბერძნებისა და ანტიოქიელებისგან. ანტიოქიის პატრიარქმა საჯაროდ წარმოთქვა: „ჭეშმარიტად მართალ არს სიტყუაჲ შენი და ჩუენ ვართ ცთომილნი.“ მან აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის სამოციქულოობა.
წმინდა ანდრიას მიერ დათესილმა მარცვალმა საუკუნეების შემდეგ, წმინდა ნინოს დროს გამოიღო სრული ნაყოფი, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. თუმცა, გზამკვლევი და პირველი მახარებელი სწორედ წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო.
წაიკითხეთ ასევე
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი
„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“- დავით აღმაშენებლის მემატიანე მას ასე ახასიათებს.
პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე
პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.
ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე
იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.
მარხვა თანამედროვე ცხოვრების რიტმში
მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კითხვას ცალსახა პასუხს სცემს: მარხვა არა მხოლოდ არ კარგავს აქტუალობას, არამედ სწორედ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავლენს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას.
თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?
ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.
მრისხანების დამღუპველი ვნება
მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.