გასაოცარი ფიზიკური მსგავსება და ცხოვრებისეული არჩევანი

ილია ll და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: მჟკ

22 მარტს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ქართველი ერის იმედი, საყდენი, 30 ათასზე მეტი ბავშვის ნათლია და საუკუნის ადამიანი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხელმძღვანელობდა 49 წლის მანძილზე, თითქმის ფერფლიდან აღადგინა და ფეხზე დააყენა ქართული ეკლესია, შეძლო ერთ მუჭად შეეკრიბა ქართველი ერი, ანახა მთელს მსოფლიოს რომ საქართველოს შეუძლია უსაზღვრო სიყვარული, ერთობა და მწუხარებაში გაერთიანება. მიძინებულმა პატრიარქმა გამოაღვიძა ქართველი ერი და ერთ ჯაჭვად შეკრა. მან მიაღწია თავის უმთავრეს საწადელს: ,, მე მსურს გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია’’.  სიონის ტაძრის ეზოში ხმამაღლა გაჟღერებული ორი სიტყვა ,,მიყვარხარ საქართველო’’ ჰაერში აიჭრა, ზარივით გაჟღერდა და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ქართველი ერის გულში. ტიროდა მთელი ერი გულიდან ამოხეთქილი ცრემლებით, ტიროდა საქართველოს მიწას მოშორებული ქართველი და გული საიამაყით ევსებოდა ერის ერთობით.

ძნელია იმ ატმოსფეროს სიტყვებით გადმოცემა რომელიც ტრიალებდა საქართველოში 17 მარტის ღამიდან (როდესაც ცნობილი გახდა ილია ll-ს ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის  შესახებ) 22 მარტამდე. დასრულდა ეპოქა , მაგრამ არ დასრულებულა და დავიწყებას არ მიეცემა სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც პატრიარქმა დაუტოვა მრავალჭირნახულ ქართველ ერს.

ილია მეორე დაიბადა ოჯახში, სადაც რწმენა უმთავრესი იყო, სადაც ბავშვებს ხატის წინ აყენებდნენ და ერთად ლოცულობდა მთელი ოჯახი, ეს მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობა დანაშაულად ითვლებოდა ათეისტურ საბჭოთა კავშირში.

სტატია შეეხება სწორედ მის ოჯახის წევრს, მის ძმისშვილს, ასევე ქართული ეკლესიის მსახურებაში მყოფ მიტროპოლიტს.

აღსანიშნავია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ფიზიკური მსგავსება ილია მეორესთან.

მიტროპოლიტი დიმიტრი

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში — ნოდარ შოთას ძე შიოლაშვილი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძმისშვილი დაიბადა: 1961 წლის 16 თებერვალს, ქ. მცხეთაში.

ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს ნოდარ შიოლაშვილმა დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

აღყვანა დეკანოზის ხარისხში
1989 წლის 13 მაისს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი დავით შიოლაშვილი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი იყო დეკანოზი დავითი. 1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეკანოზი დავითი.

ეპისკოპოსად არჩევა

1996 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი დავითი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად გამოარჩია. 7 ნოემბერს, (ძვ. სტილით 26 ოქტომბერი) წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხლათის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელად დიმიტრი. არქიმანდრიტმა დიმიტრიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებს.
“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ღვთივგანმმნრძნობილნო მღვდელმთავარნო, კეთილგონიერნო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო.
დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, გამორჩეულია თავისი განცდებით, მღელვარებით, აღტკინებული სიყვარულით, დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ ღვთის წყალობას, დღეს აღესრულება ნება ღვთისა, რომლის წინაშეც “ყოველი უძლურ არს” და ქედდრეკილი. მოციქული და ნეტარი პავლე იტყვის: “ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა, მით გონებისა თქვენისა, რათა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნოი და სრული” (რომ. 12,2).
ღვთის ნებით და თქვენი განჩინებით, ჩემი უღირსება მოწოდებულ იქნა საეპისკოპოსო მსახურებისათვის. საღმრთო წერილი გვმოძღვრავს: “ეკრძალენით უკუე თავთა თქვენთა და ყოველსა სამწყსოს, რომელსა ეგე თქუენ, სულმან წმინდამან დაგვადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიისა, უფლისა ღვთისასა, რომელი იგი მოიგო სისხლითა თვისითა”. (საქ. 20,28).
ღირსი გრიგოლ ხანძთელი ბრძანებდა სამღვდელო ხარისხთან მიმართებაში: “დიდ არს პატივი და ამ პატივისაგან მეშინის”-ო. შიში იმის გამო, რომელსაც პავლე მოციქული საუბრობს: “ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია” (კოლ. 1,18) და ვისაც ის მიანდვეს (ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი) მანვე უნდა იზრუნოს, ამ სხეულის კეთილდღეობასა და აღმატებულ სრულქმნილებაზე, ყოველმხრივ თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ რაიმე მწიკლოვანება არცა ნაოჭი ბრძვილისა, არცა სხვაი ესე ვითარი~ არ შეეხოს მის სიკეთესა და მშვენიერებას (ეფ. 5,27) განა რამდენადაც შესწევს ადამიანს იმის ძალა, ეს სხეული მისი უხრწნელი და ნეტარი თავისი ღირსებით არ უნდა შეინახოს, ვისაც ეს მიანდო უფალმა, მათ ხომ კაცობრივზე ბევრად აღმატებული სათნოება უნდა ჰქონდეთ და უნდა იცოდნენ სულისათვის სარგო ყოველგვარი მკურნალობა.
მოძღვარი და განსაკუთრებით ეპისკოპოსის მსახურება ყოველთვის იყო, არის და იქნება მეტად მძიმე, პასუხსაგები, როგორც ღვთის, ასევე ერის წინაშე, რომელიც მოითხოვს მოძღვრისაგან განსაკუთრებულ მოთმინებას, წარუკვეთელ სასოებას, მტკიცე რწმენას და აღტყინებულ სიყვარულს, მოვუსმინოთ კვლავ წმ. იოანე ოქროპირს: “მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ სუფთა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს, ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები; ამასთან მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტი უნდა იყოს, ყველაფრისაგან თავისუფალი და რადგან საეკლესიოსთან ერთად განაგებენ საზოგადო საქმეებს და მინიჭებული აქვს ხელისუფლებაც, ამრიგად იგი მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს, ვამბობ მრავალმხრივი-მეთქი და არა ცრუ, მზაკვარი და პირფერი, არამედ აღსავსე უდიდესი თავისუფლებითა და გამბედაობითა, თუმცა დათმობაც უნდა შეეძლოს, მდგომარეობის მიხედვით თავმდაბალიც უნდა იყოს და მკაცრიც, ყველა ქვეშევრდომთან ერთნაირი მოქცევა არ ივარგებს, განა ექიმმა ერთნაირი წამალი უნდა იხმაროს ყველანაირი ავადმყოფის განკურნებისას? ეკლესიის ხომალდს გამუდმებით აღელვებენ ხოლმე ქარები, ეს ქარები მხოლოდ გარედან როდი შემოიჭრებიან, არამედ შიგნითვე აღიძვრებიან, ამიტომ, როგორც მღვდელმთავარს, ასევე მღვდელს უდიდესი გამბედაობა, ყურადღება მოეთხოვება, დაიცვას დედა ეკლესია, როგორც გარეშე ასევე შინაგანი მტრებისაგან.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევა: “დღეს აღსრულდა განგება ღვთისა – საქართველოს სამოციქულო ეკლესიას კიდევ ერთი ახალი ეპისკოპოსი შეემატა, – ბრძანა მან, – ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო ჩვენს ერსა და ეკლესიასა ზედა. მეუფეო დიმიტრი, შენ ეპისკოპოსად არჩეული ხარ საქართველოს ისეთ უძველეს მხარეში, როგორიც არის აჭარა და ამიერიდან მწყემსმთავარი ხარ იმ ადგილისა, სადაც მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს და სადაც მოციქული მატათა განისვენებს. დღეს შენ ერთხელ კიდევ უნდა ჰკითხო შენს თავს, რატომ მოიღო უფალმა შენზე ასეთი დიდი წყალობა. მიმაჩნია, რომ ეს არის განგება და ლოცვა-კურთხევა ღვთისა, წყალობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მადლი ჩვენი წმინდანებისა და შენი წინაპრებისა. დიდია ეპისკოპოსის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. დღეს სვეტიცხოვლის ამ წმიდა ტაძარში უხვად გადმოვიდა შენზე მადლი სულისა წმიდისა, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. გაუფრთხილდი ამ მადლს და ეცადე გაამრავლო იგი. შენი ლოცვითა და დაუძინებელი სულიერი მოღვაწეობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა არა მარტო მღვდელმთავრებისათვის, არამედ საერთოდ სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც. იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგეწევა, ეცადე გაამართლო ჩვენი და წმიდა სინოდის ნდობა. წყალობა, სიმშვიდე, სიყვარული, ლმობიერება და მიმტევებლობა გამოიჩინე ყოველთვის. გახსოვდეს, რომ ეპისკოპოსის ხარისხი არა შენი დამსახურებით, არამედ ღვთის წყალობითა და მადლით მიიღე. და ამ დიდი წყალობისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე გქონდეს მადლიერება წინაშე უფლისა.
შენ საქართველოს იმ მხარეში მიდიხარ, სადაც საუკუნეთა მანძილზე იყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ამ კუთხის მოსახლეობა სამასი წლის მანძილზე ძალით იყო მოწყვეტილი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შენ მიდიხარ აჭარაში, რომლის თითოეული გოჯი მიწა ქართველთა სისხლითაა მორწყული, ამიტომაც ამ მიწაზე მოღვაწეობა უფრო დიდი მოკრძალებით, მოწიწებითა და თავმდაბლობით გმართებს. ქრისტიანობის ნათელი ჩვენს ქვეყანაში აჭარიდან შემოვიდა და ახლაც აჭარამ უნდა გაანათლოს მთელი საქართველო. ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება იქ ისე უნდა ამაღლდეს, რომ სრულიად საქართველოსათვის მაგალითი იყოს. მე კარგად ვიცნობ აჭარის მცხოვრებთ, გამორჩეულთ სიყვარულითა და თავდადებით. რადგან ბათუმში ჯერ მოძღვრად და შემდეგ ეპისკოპოსად შვიდი წლის მანძილზე ვმოღვაწეობდი. ღმერთმა ინება, რომ შენ გააგრძელო ის, რაც შენმა წინამორბედებმა გააკეთეს. დიდი კვალი დაამჩნია ამ მხარეს მეუფე იობის მოღვაწეობამ, ამიტომ შენ უკვე იქ მიდიხარ, სადაც მრევლი სიყვარულითა და სასოებით შეგხვდება.
ახლა მიიღე კვერთხი ესე, როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და საყრდენი შენი მოღვაწეობისა და დალოცე შენი ეპარქია და სრულიად საქართველო.” (61, 1996, 11).
მეუფე დიმიტრი შეუდგა ეპარქიის წინამძღოლობას და გახდა მრავალი ახალი საქმის წამომწყები და სულისჩამდგმელი. 2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი დიმიტრი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 წლის 3 ივნისს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 24 დეკემბერს მეუფე დიმიტრი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2007 წლის 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა ლაზეთი. მიტროპოლიტი დიმიტრი დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად. მეუფე დიმიტრი არის “წმიდა მიწის” შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ღვაწლით აჭარაში აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, სასწავლო დაწესებულებები.

გასაოცარია ერთი ოჯახის ორი წევრის ასეთი ღვაწლი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე.

განსაკუთრებით ემოციური იყო მიტროპოლიტი დიმიტრის გამომშვიდობება ერის მამასთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ქართული რედაქცია ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის.

წაიკითხეთ ასევე

პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე

პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.

ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე

იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.

თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?

ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.

მრისხანების დამღუპველი ვნება

მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.

მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე

მართალი ანას პიროვნება წარმოადგენს საზღვარს ძველსა და ახალ აღთქმას შორის. იგი არის სიმბოლო საუკუნოვანი მოთმინებისა, გულმხურვალე ლოცვისა და უსაზღვრო სასოებისა.

საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ

თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუ-ალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა.