სოციალური ქსელები - ურთიერთობის საშულება, თუ ვნებების ასპარეზი
სოციალური ქსელები დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ მეგობრების მოსაძებნი უწყინარი სივრცე. დღეს ის იქცა უხილავ მექანიზმად, რომელიც ჩვენივე ყურადღებითა და ყველაზე ღრმა ემოციებით იკვებება.
კაცობრიობის ისტორიაში ადამიანები არასდროს ყოფილან ასე მარტივად დაკავშირებულნი ერთმანეთთან და, ამავდროულად, არასდროს ყოფილან საკუთარი ვნებების ასეთი მძლავრი ტყვეობის ქვეშ. სოციალური ქსელები დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ მეგობრების მოსაძებნი უწყინარი სივრცე. დღეს ის იქცა უხილავ მექანიზმად, რომელიც ჩვენივე ყურადღებითა და ყველაზე ღრმა ემოციებით იკვებება. ის, რაც თავდაპირველად წმინდა ადამიანური ურთიერთობებისთვის შეიქმნა, თანდათანობით შურის, ბრაზისა და პატივმოყვარეობის მთავარ ასპარეზად გადაიქცა - უზარმაზარ სარკედ, რომელიც ადამიანის ბუნების არა საუკეთესო, არამედ ყველაზე სუსტ მხარეებს აირეკლავს.
ამ უხილავი სარკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცდური მოწონების მუდმივი წყურვილია. თითოეული ჩვენი ქმედება ქსელში - იქნება ეს მოგონების გაზიარება თუ უბრალო მოსაზრების გამოთქმა - ხშირად არა ნამდვილი ურთიერთობის სურვილით, არამედ სხვებისგან აღიარების მალული მოლოდინით არის ნაკარნახევი. ყოველი ვირტუალური რეაქცია და ყურადღების მცირედი გამოხატულება ჩვენს ეგოს კვებავს. თანდათანობით, სრულიად გაუცნობიერებლად ვხდებით ამ მოჩვენებით შეფასებებზე დამოკიდებულნი. ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის იდეალიზებული, ხშირად ხელოვნური ვერსიის შექმნას და მთელ ენერგიას ამ ყალბი ფასადის შენარჩუნებას ვახმართ. ეს უკვე აღარ არის მეგობრული კომუნიკაცია, ეს პატივმოყვარეობის დაუსრულებელი ასპარეზია, სადაც მთავარი საზღაური უცხო ადამიანების ყურადღებაა.
ამავდროულად, სხვისი „იდეალური ფეიჯების“ (პირადი გვერდების) მუდმივი ყურება ჩვენში კიდევ ერთ ფარულ ვნებას - შურსა და საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებას აღვიძებს. როდესაც ყოველდღიურად ვუყურებთ სხვების მხოლოდ საუკეთესო, შელამაზებულ კადრებსა და წარმატებებს, გვიჩნდება მცდარი განცდა, რომ ჩვენი რეალური, რიგითი ცხოვრება უფერული და უინტერესოა. ვიწყებთ საკუთარი ყოველდღიურობის შედარებას სხვების ილუზიებთან, რაც შინაგან სიცარიელესა და შფოთვას ბადებს. ის სივრცე, რომელიც ადამიანების გასაერთიანებლად უნდა გამოგვეყენებინა, სინამდვილეში მათ შორის უჩინარ, მაგრამ მყარ კედელს აშენებს და თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ეგოიზმის ნაჭუჭში კეტავს.
პატივმოყვარეობისა და ფარული შურის გარდა, ეს უხილავი სივრცე კიდევ ერთ, გაცილებით მძაფრ ვნებას - მძაფრ აგრესიას ასაზრდოებს. პირისპირ კომუნიკაციისას, როდესაც ადამიანს თვალებში ვუყურებთ, მოქმედებს ბუნებრივი, მორალური ბარიერები: თანაგრძნობა, სირცხვილი თუ უბრალო ადამიანური რიდი, რომლებიც სიტყვებს ფილტრავს და ბრაზს აკავებს. ეკრანი კი ამ ბარიერებს სრულად აქრობს. ფიზიკური დისტანცია და უხილავობის ილუზია ადამიანს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და უღვიძებს ერთგვარ ყალბ სიმამაცეს. კლავიატურას ამოფარებულნი, ჩვენ ხშირად ვივიწყებთ, რომ მეორე მხარესაც ცოცხალი ადამიანია თავისი ტკივილითა და განცდებით და ვიწყებთ სიტყვების ისე სროლას, როგორც იარაღის. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში წამებში გადაიზრდება ხოლმე დაუნდობელ დაპირისპირებასა და სიძულვილის ფრქვევაში. ეს უკვე აღარ არის ჭეშმარიტების ძიება ან გამოცდილების გაზიარება; ეს უფრო მეტად ორი მტრულად განწყობილი ადამიანის ბრძოლას ემსგავსება, სადაც მთავარი მიზანი არა მოყვასის გაგება, არამედ მისი საჯაროდ დამცირება, საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და „გამარჯვებაა“. სოციალური ქსელის ეს ბნელი მხარე ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სიტყვა, რომელიც ურთიერთობის, ნუგეშისა და სიყვარულის გამოხატვის საშუალება იყო, უმოწყალო იარაღად ვიქციოთ. გავიხსენოთ რას ბრძანებს მაცხოვარი: „მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი სიტყვაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი. მისცენ სიტყვაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყვათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12:36-37). მაშასადამე, თითოეული სიტყვისათვის, რომელსაც ჩვენი მოყვასის მიმართ ვიტყვით, პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე, რადგან როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „იარაღით მიყენებული ჭრილობა დროთა განმავლობაში ხორცდება, ბოროტი სიტყვით მიყენებული ჭრილობა კი პირდაპირ სულს კლავს და მოუშუშებელი რჩება.“
კიდევ ერთი საფრთხე, რასაც ბოროტი ძალა სოციალურ ქსელით გვიმზადებს, ადამიანის ყურადღებისა და დროის თანდათანობით მითვისებაშია. ქრისტიანული გაგებით, დრო არ არის უბრალო ქრონოლოგიური მდინარება; ის არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი ნიჭი და ტალანტი, რომელიც ადამიანს მარადისობისთვის მოსამზადებლად მიეცა. პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან“ (ეფეს. 5:16). ეშმაკმა კარგად იცის, რომ ადამიანს სულის ცხონებისთვის მხოლოდ მიწაზე ყოფნის ეს მოკლე, განსაზღვრული დრო აქვს, ამიტომ ყოველთვის საჭირო არ არის იგი მძიმე, აშკარა ცოდვებში ჩააგდოს; ხშირად საკმარისია, წუთები საათებად, საათები დღეებად, დღეები კი წლებად გადააქციოს უსარგებლო ვირტუალური სივრცის თვალიერებაში. წმინდა ეფრემ ასური გვასწავლის: „ნუ დაჰკარგავ დროს ფუჭად, რადგან დრო, რომელიც წავიდა, აღარასოდეს დაბრუნდება და მის გამო პასუხს აგებ სამსჯავროზე.“ ადამიანი ფიქრობს, თითქოს რამდენიმე წუთით შევიდა სოციალურ ქსელში, მაგრამ უკან მოხედვისას აღმოაჩენს, რომ საათები სამუდამოდ გაუჩინარდა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე დრო, მაგრამ არაფერს ვფანტავთ ისე დაუდევრად, როგორც მას.“ ეს დაკარგული წუთები კი სწორედ ის დრო იყო, რომელიც ლოცვას, სინანულს, ოჯახს, მოყვასის თანაგრძნობას ან სულიერ ზრდას შეიძლებოდა დათმობოდა. ასე იქცევა ციფრული ყურადღების გაფანტვა სულიერი ცხოვრების უხილავ, მაგრამ ყველაზე დაუნდობელ მტრად.
რა არის ამ ყოველივეს ფონზე გამოსავალი? ამ ციფრული რეალობის სრული უარყოფა და მისგან გაქცევა, თუ საკუთარ თავთან მუდმივი, ფხიზელი ბრძოლა? მთავარი ბრძოლის ველი კვლავ ადამიანის შინაგან სამყაროში რჩება. სოციალური ქსელი ურთიერთობის საშუალებად დარჩება ჩვენთვის თუ ვნებების ასპარეზად, მთლიანად ჩვენს გაცნობიერებულ არჩევანზეა დამოკიდებული. გამოსავალი მხოლოდ შინაგან სიფხიზლესა და ციფრულ თავშეკავებაშია. სანამ ეკრანზე თითის ერთი მოსმით სხვისი განკითხვის, დაცინვის ან საკუთარი თავის განდიდების ცდუნება გაგვიჩნდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უხილავ სივრცეში დატოვებული ყოველი სიტყვა ჩვენი სულის ანაბეჭდია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ტექნოლოგიებისგან სრული იზოლაცია, არამედ ამ ხმაურიან, ვირტუალურ სამყაროში ადამიანურობის, მოყვასისადმი პატივისცემისა და იმ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია.