ცრურწმენათა გავლენა თანამედროვე ადამიანზე

2825
08 აგვისტო 19:57
17
ცრურწმენათა გავლენა თანამედროვე ადამიანზე. ილუსტრაცია: მჟკ ცრურწმენათა გავლენა თანამედროვე ადამიანზე. ილუსტრაცია: მჟკ

საკითხის განხილვისას საგულისხმოა ის, თუ სწავლებანი ჰქონდათ წმინდა მამებს ცრურწმენებთან დაკავშირებით.

XXI საუკუნეში, როდესაც მეცნიერება და ტექნოლოგიები უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება, ერთი შეხედვით, ალოგიკურ რწმენებსა და მითებს ადგილი აღარ უნდა რჩებოდეს. თუმცა, თანამედროვე ადამიანზე დაკვირვებისას ნათელი ხდება პარადოქსი: ტექნოლოგიურმა პროგრესმა ვერ განდევნა ადამიანური შიშები და გაურკვევლობის წინაშე მდგარი საზოგადოება კვლავ ეძებს ილუზირულ საყრდენებს. ცრურწმენები დღესაც ცოცხლობს, იცვლის ფორმას და აღწევს ისეთ გარემოშიც კი, სადაც, წესით, მისი ადგილი ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს - საეკლესიო წიაღსა და სულიერ ცხოვრებაში. როდესაც ცრურწმენა ეკლესიური ადამიანის ცნობიერებაში იდგამს ფესვს, ის უბრალოდ უწყინარ ჩვევად კი არ რჩება, არამედ ღრმა, სულიერად დამაზიანებელ ძალად გადაიქცევა, რომელიც ქრისტიანული მოძღვრების უმთავრეს საფუძვლებს ეწინააღმდეგება.

ამ მოვლენის მთავარი ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ცრურწმენა თავისი არსით ქრისტიანული რწმენის საპირისპირო მოვლენაა. თუკი ჭეშმარიტი სულიერება დაფუძნებულია ღვთისადმი პიროვნულ სიყვარულზე და ნდობაზე, ცრურწმენა არქაული, მაგიური აზროვნების გამოვლინებაა. მაგიური აზროვნება ცდილობს გარკვეული მექანიკური ქმედებებით, რიტუალებით თუ ნიშნებზე დაკვირვებით „სამყაროს მართვას“, მომავლის წინასწარცოდნას ან საკუთარი თავის დაცვას. როდესაც მორწმუნე ადამიანი ენდობა შავ კატას, გზის გადაჭრას, სარკის გატეხვას, წითელ ძაფებს თუ ხეზე დაკაკუნებას, ის გაუცნობიერებლად უარს ამბობს ღვთისადმი ნდობაზე. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ბედი და უსაფრთხოება დამოკიდებულია არა სამყაროს შემოქმედზე, არამედ შემთხვევით გარემოებებსა და მექანიკურ კანონზომიერებებზე, რაც რწმენის გაუფასურებასა და წარმართულ აზროვნებაში დაბრუნებას ნიშნავს.

გარდა ამისა, ცრურწმენა ადამიანს ართმევს იმ უდიდეს საჩუქარს, რაც ქრისტემ კაცობრიობას მოუტანა - სულიერ თავისუფლებას. სახარებისეული მცნება გვეუბნება: „სცნათ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (ინ. 8,32). ჭეშმარიტი რწმენა შიშს დევნის და ადამიანს შინაგან სიმშვიდეს ანიჭებს, ცრურწმენა კი პირიქით, კაცს მუდმივი შიშის, შფოთისა და აკვიატებული აზრების ტყვედ აქცევს. ცრურწმენით შეპყრობილი ეკლესიური ადამიანი მუდმივად ეძებს „ცუდ ნიშნებს“, ეშინია „თვალის ცემის“, „ჯადოსი“ თუ „უიღბლო დღეების“. ასეთი მდგომარეობა ანგრევს სულიერ წონასწორობას და ნაცვლად იმისა, რომ ეკლესია იყოს სიმშვიდისა და სიყვარულის სავანე, ის ადამიანისათვის იქცევა შიშებისგან დაცვის ისეთ სივრცედ, სადაც სიყვარულს შიში ჩაანაცვლებს.

ცრურწმენის კიდევ ერთი დამაზიანებელი ასპექტი არის შინაგანი სინანულისა და პიროვნული პასუხისმგებლობის გაქრობა. ქრისტიანული ცხოვრების გული არის შინაგანი გარდაქმნა, საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა და სიყვარულში ზრდა. ცრურწმენა კი ადამიანს სთავაზობს იაფფასიან, მოჩვენებით გამოსავალს: თუ ცხოვრებაში რამე ცუდი ხდება, მიზეზი საკუთარ არჩევანში, შეცდომებსა თუ სულიერ მდგომარეობაში კი არ უნდა ეძებოს, არამედ „სხვის ავ თვალში“, „გაანგარიშებულ უიღბლობაში“ ან გარეგან ძალებში. ყველაზე მწვავე და სახიფათო ფორმას ცრურწმენა მაშინ იღებს, როდესაც ის თავად საეკლესიო სიწმინდეებსა და რიტუალებს ეხება. ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ნაკურთხ წყალს, ჯვარს, ლოცვას, სანთელს ან ხატს ეპყრობიან არა როგორც ღმერთთან ცოცხალი, პიროვნული ურთიერთობის საშუალებას, არამედ როგორც მაგიურ ნივთს - თილისმას. როდესაც ლოცვა ან ეკლესიური წესი აღიქმება როგორც „ფორმულა“, რომელიც ავტომატურად, ადამიანის გულის შინაგანი განწყობისა და სინანულის გარეშე უნდა „ამოქმედდეს“.

საკითხის განხილვისას საგულისხმოა ის, თუ სწავლებანი ჰქონდათ წმინდა მამებს ცრურწმენებთან დაკავშირებით. წმინდა იოანე ოქროპირი კორინთელთა მიმართ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლის განმარტებისას პირდაპირ ამხელს იმ ქრისტიანებს, რომლებიც ბავშვებს ყელზე ან მაჯაზე წითელ ძაფებს, ავი თვალისაგან დამცავ ნივთებსა და ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებიან მონეტებს აბამდნენ. ის სვამს კითხვას: „როგორ არ გრცხვენია? ქრისტეს ჯვარი გკიდია ყელზე და იმავდროულად თილისმებს ენდობი?“. მისივე სწავლებით: „როდესაც სახლიდან გამოდიხარ და უყურებ, ვინ შეგხვდა - ქვრივი, ქალიშვილი, ეტლი, თუ ცალთვალა კაცი - და ამით საზღვრავ დღის წარმატებას, ეს არის ეშმაკის მიერ დაგებული მახე, რომ შენი გონება ღვთის მზრუნველობასა და განგებულებას ჩამოაშოროს“. საკითხს ეხება წმინდა ბასილი დიდიც. კაბადოკიელი მამა 32-ე ფსალმუნის განმარტებისას ხაზგასმით შენიშნავს, რომ  ქრისტიანის ცნობიერებიდან უნდა განიდევნოს სიტყვები „შემთხვევითობა“, „ბედისწერა“ ან „ცუდი ნიშანი“. იგი ბრძანებს, რომ არაფერი ხდება ღვთის განგებულების გარეშე და სადაც ღვთის განგება მოქმედებს, იქ „ცუდ ნიშნებსა“ და „ბედისწერას“ ძალა არ აქვს.

ცრურწმენათა საკითხს სიღრმისეულად განიხილავს ღირსი პაისი მთაწმინდელიც. წმინდა მამის განმარტებით, ეშმაკს, ცრურწმენებსა თუ ჯადოს თავისთავად არავითარი ძალა არ გააჩნიათ. ისინი იძენენ ძალას მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარი ქცევით, შიშითა და უნდობლობით აძლევს ეშმაკს უფლებას. „როდესაც ადამიანი ენდობა ცრურწმენებს, შიშობს „ცუდი ნიშნების“ გამო ან დადის მკითხავებთან, ის ამით ეშმაკს აძლევს უფლებას იბატონოს მასზე. ეშმაკი ძლიერია მხოლოდ ჩვენი უმეცრებისა და ურწმუნოების ხარჯზე“ - ბრძანებს ღირსი მამა და ამავდროულად გამოსავალსაც გვთავაზობს: „თუ ადამიანი ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ატარებს ჯვარს, მასზე ვერანაირი ეშმაკური ძალა ვერ იმოქმედებს. ის სრულიად მიუწვდომელია. ჯადო და ცრურწმენა მოქმედებს მხოლოდ მათზე, ვინც ეკლესიის მიღმაა და აღსარებას არ ამბობს.“

ამრიგად, ცრურწმენებთან ბრძოლა არ არის მხოლოდ კულტურული თუ ინტელექტუალური არჩევანი - ეს არის უპირველესად სულიერი სიფხიზლისა და ქრისტიანული პრინციპების ერთგულების საკითხი. თანამედროვე ეკლესიურმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ შიში, აკვიატებული აზრები, „ცუდი ნიშნების“ ძებნა და მაგიური რიტუალები შეუთავსებელია იმ სულიერ თავისუფლებასთან, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა. ცრურწმენა გვართმევს ყველაზე მთავარს - ცოცხალ, პიროვნულ ნდობას სამყაროს შემოქმედისადმი და მის ნაცვლად გვაიძულებს, ვიცხოვროთ მუდმივ შფოთსა და უსაფუძვლო შიშებში. ამ სულიერი ბორკილებისგან დასაღწევად საუკეთესო გზა ისევ და ისევ ეკლესიის მამათა სწავლებასა და ჯანსაღ სულიერ ცხოვრებაში დაბრუნებაა. თუკი კვლავ ღირსი პაისი ათონელს დავესესხებით, ქრისტიანის სიმტკიცე შინაგან განწყობასა და უზენაესის მფარველობაშია - როდესაც ჩვენ გვყავს ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და გულზე ვატარებთ ცხოველმყოფელ ჯვარს - რისი უნდა გვეშინოდეს?! სრული უაზრობა და სულიერი სიბრმავეა, რაიმე ცრუ ნიშნის, „თვალის ცემისა“, თუ ეშმაკის მანქანების ეშინოდეს ადამიანს მაშინ, როდესაც სამყაროს შემოქმედი და მისი უსაზღვრო სიყვარული ჩვენთან არის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ