მამადავითის ეკლესია და მთაწმინდა

9 იანვარი 13:37
1161
მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია. ფოტო: მჟკ მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია. ფოტო: მჟკ

წმინდა დავით გარეჯელის ღვაწლი, მამადავითობის ტრადიცია და მთაწმინდის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების უმნიშვნელოვანეს ეტაპს უკავშირდება ანტიოქიის ეკლესიიდან ჩამოსული საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომლებიც ისტორიულ წყაროებში ცნობილია, როგორც ათსამმეტი ასურელი მამანი. მათი მისია იყო ქვეყნის სულიერი ცხოვრების გაძლიერება, მონასტრული ცხოვრების დამკვიდრება და ქრისტიანული მოძღვრების გავრცელება. ამ დიდ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა დავით გარეჯელს, რომლის სახელსაც უკავშირდება როგორც გარეჯის უდაბნო, ისე თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი კერა — მამადავითის ეკლესია და მთაწმინდა.

წმინდა მამა დავითი VI საუკუნის პირველ ნახევარში შემოვიდა საქართველოში. თავდაპირველად მან მოღვაწეობა თბილისში დაიწყო, სადაც მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზე, უსახელო კლდეში, სენაკი გამოკვეთა და განდეგილური ცხოვრება დაამკვიდრა. მისი სულიერი ღვაწლი და წმინდა ცხოვრება დიდად შეიყვარა ქართველმა ხალხმა.

როდესაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაემკვიდრა, მის მიერ დატოვებული სალოცავი ადგილად იქცა, რომელსაც ხალხმა დიდი მოღვაწის პატივსაცემად „მამადავითი“ უწოდა. მოგვიანებით, X–XI საუკუნეებში, ამ მთას მეორე სახელიც დაერქვა — მთაწმინდა, არც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს, ათონის წმინდა მთას უკავშირდება.

ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი მამადავითის მთაზე პირველი ეკლესიის აგებას VI საუკუნის დასასრულით ათარიღებს. გადმოცემის მიხედვით, თბილისელმა ქრისტიანებმა, წმინდა დავით გარეჯელის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად, თითო ქვა აიტანეს მთაზე და იმ იმედით ააგეს ეკლესია, რომ ცოდვები მიეტევებოდათ.

პლატონ იოსელიანი წერს, რომ ჯერ კიდევ წმინდა დავითის სიცოცხლეში აქ ეკლესია იდგა, ხოლო IX საუკუნეში აშენდა ქვის ტაძარი, ივერიის ღმრთისმშობლის სახელზე ნაკურთხი, რომელიც მონასტრად ჩამოყალიბდა და ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა.

X საუკუნეში არსებული ეკლესია დროთა განმავლობაში დაინგრა. XIII–XIV საუკუნეებში მონასტერი უკვე აღარ ფუნქციონირებდა. 1542 წელს კი ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, საქართველოს კათოლიკოსის ნებართვით მთაწმინდაზე ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღდგენა დაიწყეს.

ეგნატე იოსელიანის კატალოგი „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ აიგო 1542 წელს ეკლესია, ხოლო 1810 წელს თბილისელი ქალების ერთობლივი შემოწირულობებით კვლავ აღდგა უგუმბათო, აგურით ნაშენი ტაძარი, რომელიც ღირსი მამა დავით გარეჯელის სახელზე აკურთხეს.

იაკობ ბალახაშვილი ნაშრომში „ძველი თბილისი“ გვიამბობს XVII საუკუნის ტრაგიკულ მოვლენას. შაჰ აბასის ხელქვეითებმა მთაწმინდის ეკლესიას მიაშურეს და იქ მყოფ ხუთ ქრისტიანს — მღვდელ იოსებს, მის მეუღლე ანასტასიას და სამ მონაზონს: ანას, ბარბარესა და მართას რჯულის გამოცვლა მოსთხოვეს. უარის გამო ისინი წამებით მოკლეს და ხალხმა მთაწმინდაზე დაასაფლავა, რითაც ეს ადგილი მოწამეობისა და სარწმუნოების ერთგულების სიმბოლოდ იქცა.

1809 წელს კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. იგი ფერისცვალების სახელზე აკურთხეს, რაც სიმბოლურია, რადგან წმინდა დავით გარეჯელი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.

ახალი გუმბათიანი ეკლესიის საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, ხოლო 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ აკურთხა. საბოლოოდ, 1879 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორაშვილმა ტაძარს გუმბათი დაადგმევინა. 1889 წელს ეკლესიის კედლები მოიხატა, ხოლო 1891 წელს მის გვერდით სამრევლო საქალებო სკოლა დაარსდა.

XIX საუკუნეში მამადავითის ეკლესია არა მხოლოდ სალოცავი, არამედ საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მონაზვნები დედა სალომე (ფორაქიშვილი), დედა ანასტასია (კობიაშვილი) და დედა ნინო (ახვლედიანი). მათი ძალისხმევით აშენდა ეკლესიის გალავანში საცხოვრებელი სენაკები და სკოლები, სადაც სწავლობდნენ წერა-კითხვას, გალობას, ხელსაქმესა და ქსოვას.

ყოველწლიურად, წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს — ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს — თბილისში აღინიშნებოდა მამადავითობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დღესასწაულად ითვლებოდა. მლოცველები ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ ტაძარს გარს, მთაწმინდაზე კი დილიდან გვიან ღამემდე არ წყდებოდა ლოცვა და სულიერი ზეიმი. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.

1929 წლიდან მამადავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად, სადაც განისვენებენ საქართველოს კულტურისა და ისტორიის გამორჩეული მოღვაწეები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ