ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია — ისტორიისა და სულიერი თანაცხოვრების ძეგლი თბილისში

26 დეკემბერი 2025 18:37
243
ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია. ფოტო: მჟკ ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია. ფოტო: მჟკ

კლდისუბანში აღმართული ტაძარი, რომელმაც საუკუნეთა ქარიშხალში შეინარჩუნა სულიერი და კულტურული მნიშვნელობა.

ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-საეკლესიო ძეგლია, რომელიც კლდისუბანში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და თავისი არქიტექტურითა და მდიდარი ისტორიით ნათლად ასახავს ქალაქის მრავალსაუკუნოვან სულიერ და კულტურულ ცხოვრებას.

ტაძრის შიდა სივრცე ტრადიციული ქართული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სქემით არის მოწყობილი. საკურთხევლის ორივე მხარეს განლაგებულია სადიაკვნე და სამკვეთლო, რომელთა თავზეც თითო სათავსია მოწყობილი. ეკლესიას თორმეტწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას განსაკუთრებულ სიმაღლესა და მონუმენტურობას ანიჭებს. ფასადებზე აშკარად იკითხება მრავალჯერადი შეკეთება-გადაკეთების კვალი, რაც ტაძრის ხანგრძლივ და რთულ ისტორიულ გზაზე მეტყველებს.

ეკლესიის გუმბათი, ჩრდილოეთი და დასავლეთი ფასადები ქვიშაქვის თლილი ფილებით არის მოპირკეთებული, ხოლო სამხრეთი და დასავლეთი ფასადები აგურისაა. აღმოსავლეთი ფასადის სარკმლები ორნამენტული საპირეებითა და ჯვრებითაა შემკული. განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის რელიეფები, სადაც გამოსახულია ქერუბიმები და ჩვილიღვთის მშობელი ანგელოზებს შორის, ხოლო გუმბათის ყელზე — ღვთისმშობლისა და მიჯაჭვული ლომის რელიეფი. ეკლესიაში შესასვლელს წინიდან ორმარშიანი ქვის კიბე მიუყვება, რაც ნაგებობას კიდევ უფრო შთამბეჭდავ იერს სძენს.

ტაძრის აღმოსავლეთით დგას XVII საუკუნის ორსართულიანი, აგურით ნაშენი სამრეკლო, რომელსაც ზემოდან თლილი ქვის თაღოვანი ფანჩატური აგვირგვინებს. ეს ნაგებობა ორგანულად ერწყმის ეკლესიის საერთო არქიტექტურულ ანსამბლს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის ადგილზე თავდაპირველად ქართველ მართლმადიდებელთა მცირე სამლოცველო არსებობდა. მისი ნაშთები 1981 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა და სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოავლინა. დღეს მისგან მხოლოდ აფსიდის ნაწილია ხილული, დანარჩენი კი მოქმედი ეკლესიის იატაკის ქვეშაა მოქცეული.

XIII საუკუნეში, 1225 წელს, ჯალალედინის შემოსევამ თბილისი და მისი ეკლესიები მძიმედ დააზიანა. ამავე დროს განადგურდა ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარიც. მოგვიანებით, მონღოლთა ბატონობის პერიოდში, ქალაქში დემოგრაფიული და ეთნიკური ცვლილებები მოხდა, რის შედეგადაც ეკლესია სომხური მრევლის ხელში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ტაძარში სომხებთან ერთად ქართველებიც მსახურობდნენ და ლოცულობდნენ, რაც ეკლესიის უნიკალურ, თანაცხოვრებაზე დაფუძნებულ ისტორიას უსვამს ხაზს.

XVII–XVIII საუკუნეებში ეკლესია არაერთგზის აღდგა და განახლდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1740 წელი, როდესაც ქართული ეკლესიის საძირკველზე აღმართული ტაძარი საკუთარი ხარჯით აღადგინა ზემო ქართლის სადროშოს სარდალმა გივი ამილახვარმა. ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის მეორე სახელწოდება — ფეთხაინი — წყაროებში XVII საუკუნიდან გვხვდება.

საბჭოთა პერიოდში ტაძარმა თავისი საეკლესიო ფუნქცია დაკარგა და აქ ბიჟუტერიის საამქრო იყო განთავსებული. თუმცა, 1991 წელს ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, ხოლო 1994 წლიდან მასში კვლავ აღდგა მართლმადიდებლური ღვთისმსახურება. 2001 წელს ეკლესიის დასავლეთ მხარეს, შესასვლელთან, სატრაპეზოც აშენდა.

დღეს ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია არა მხოლოდ მოქმედი ტაძარია, არამედ თბილისის ისტორიის ცოცხალი მატიანე ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში გადაკვეთილმა სარწმუნოებრივმა, კულტურულმა და ეროვნულმა გზებმა უნიკალური სულიერი მემკვიდრეობა შექმნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ