მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა საერთაშორისო აღიარება ტოკიოში მოიპოვა
პროექტმა „Japan International Design Award“-ზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე — „Japan International Design Award“— დაჯილდოვდა.
პროექტმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში — „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“. მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანური არქიტექტურული მემკვიდრეობის მოტივებთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა.
დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მესტიის ქორწინების სახლის პროექტისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე მან წარმატებას იტალიაში, პრესტიჟულ კონკურსზე — „Rome Design Award“— მიაღწია.
ქორწინების სახლის არქიტექტურული კონცეფცია თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ახალი შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე განმარტებას ავრცელებს.