სალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა განიხილეს.
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და დელეგაციის სხვა წევრები ქალაქ სალონიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებს. აღინიშნა ქართული დიასპორების მნიშვნელოვანი როლი დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების წარმოჩენის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა რელიგიური და კულტურული მნიშვნელობის უნიკალური გამოცემა — „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა.
„წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ ისტორიული რედაქციის შევსებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელშიც მაქსიმალურად არის დაცული ხელნაწერის დეტალები და მინიატურები. გამოცემის მიზანი ქართული ქრისტიანული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენაა.
წიგნი გამოიცა ფონდი „კანანელის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე და მინდია დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი მამუკა კაკაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები — გენადი ბალანჩივაძე და გიორგი ნაჭყებია, ასევე დელეგაციის სხვა წევრები.
სალონიკში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის კავშირების გაძლიერების, ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დავით ფაცაცია თბილისის ზღვაზე მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ეწვია.