ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია სამეცნიერო ვიზიტით იტალიის ქალაქ ურბინოში იმყოფებოდა

2824
15 ივნისი 18:51
8
სამეცნიერო ვიზიტი იტალიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი სამეცნიერო ვიზიტი იტალიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აკადემიური შეხვედრები, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და წარადგინეს ქართველი მეცნიერების ნაშრომები საერთაშორისო სამეცნიერო კრებულში.

2026 წლის 5-9 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, სამეცნიერო ვიზიტით იტალიის ქალაქ ურბინოში იმყოფებოდა.

ვიზიტის პირველ დღეს, 5 ივნისს, ურბინოში საგანგებოდ ჩავიდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), რომელიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა და მათ პატივსაცემად გამართულ ვახშამზე მიიწვია.

ახალ საქართველოს უნივერსიტეტსა და ურბინოს უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი და აქტიური სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ურთიერთობის ფარგლებში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და აკადემიური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქართველი მეცნიერები მონაწილეობდნენ. ასევე, საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა დროს ურბინოს უნივერსიტეტში მიწვეული იყვნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ურბინოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების – „რელიგია და ფილოსოფია თანამედროვეობაში“ – შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა.

შეხვედრის საფუძველი გახდა იტალიის ერთ-ერთ წამყვან გამომცემლობაში – „Aracne Editrice“ – მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცემული საერთაშორისო სამეცნიერო კრებული „ფილოსოფია და რელიგია წარსულსა და თანამედროვეობაში“, რომელშიც იტალიელი, გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი მკვლევრების ნაშრომებთან ერთად გამოქვეყნდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების უახლესი კვლევებიც ქრისტიანული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები ურბინოსა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. მხარეებმა განიხილეს სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც პროფესორ ჯაკომო რინალდისთან (ურბინოს უნივერსიტეტი) თანამშრომლობით გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი იობი — თანამედროვე ქართული ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე და სულიერი მამა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ