დადიანების სასახლის ეზოში „აფხაზეთობის კვირეული“ ღონისძიებებით აღინიშნა
ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსებული იყო სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილების“ დატოვება შეეძლოთ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში „აფხაზეთობის კვირეული“ მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიების მიზანი აფხაზეთის კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო.
კვირეული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად გაიმართა ფერწერის მასტერკლასები და მოეწყო ფოტოგამოფენა — „კადრები აფხაზეთიდან“.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ ეთნო-სივრცე მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებული თექის სახელოსნო „იალაღი“. წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებისა და აფხაზეთის საზღვრისპირა, გამყოფ ხაზთან მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები, ხელოვნების პედაგოგის — ქალბატონ მარინა ქარდავას მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსებული იყო სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილების“ დატოვება შეეძლოთ.
ბავშვებისთვის, ანიმატორების მონაწილეობით, სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. ასევე ჩატარდა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, გაიმართა ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.
დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი „შავნაბადა“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლები „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა, ასევე ქართულ-კატალონიური ვოკალური გუნდი „ვოკალ-ვირკანი“.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, რომელმაც „აფხაზეთობის კვირეულის“ მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:
• ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი — გიორგი ფიფია;
• ცენტრთან არსებული საგანმანათლებლო ჰაბის ხელმძღვანელი, ქართულ-აფხაზური ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი და პარტია „ქართული ოცნების“ წევრი — ქალბატონი ლანა ლაცუზბაია;
• წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი — მერაბ შამუგია;
• სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
„აფხაზეთობის“ დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
მჟკ წერდა, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა ზუგდიდში.