მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მენელსაცხებლე დედათა კვირას

2824
27 აპრილი 09:51
11
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მენელსაცხებლე დედების ღვაწლის, ქალის განსაკუთრებული მისიისა და ჯვართაღმართების ისტორიული მნიშვნელობის.

აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სადღესასწაულო ქადაგებით მიმართა მრევლს და ისაუბრა ქრისტიანული რწმენის, სიყვარულისა და თავდადების უმაღლეს მაგალითზე.

ქადაგების დასაწყისში მეუფე შიომ აღნიშნა დღის სულიერი მნიშვნელობა და მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული ღვაწლი: „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მენელსაცხებლე დედების კვირას... წმინდა ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს ცოცხალი რწმენა ქრისტესადმი, დიდი სიყვარული და მაგალითი გვიჩვენეს.“

მისი თქმით, ეს წმინდა ქალები დარჩნენ მაცხოვრის ერთგულნი ყველაზე მძიმე დროსაც კი, მაშინ როდესაც შიში და დევნა განსაკუთრებით ძლიერად გამოვლინდა: „მაშინაც კი, როდესაც მაცხოვარი ყველამ მიატოვა... ისინი არ შეშინდნენ და დარჩნენ მაცხოვრის გვერდით.“ მეუფემ დეტალურად გაიხსენა მათი თანადგომა ქრისტეს ჯვარცმის, ტანჯვისა და დაფვლის დროს და აღნიშნა, რომ მათ არ დაკარგეს რწმენა მაშინაც კი, როდესაც უფლის სხეული საფლავში იყო და მაინც მივიდნენ მისთვის ნელსაცხებლის შესაცხებლად.

მიტროპოლიტმა შიომ ხაზი გაუსვა, რომ მათი ერთგულება და სიყვარული ღვთისგან დაჯილდოვდა: „ამ ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი ქალების სიმამაცემ... ღვთისგან მიიღო თავისი ჯილდო,“ — და დასძინა, რომ სწორედ ისინი გახდნენ აღდგომის პირველი მახარობლები — „პირველად სწორედ მათ ეხარათ ქრისტეს აღდგომის შესახებ.“

ქადაგებაში ასევე განმარტებული იყო, რომ ეკლესია მენელსაცხებლე დედების სახით განადიდებს ყველა ქალს, რომელიც ქრისტიანული ცხოვრებით ადასტურებს საკუთარ მოწოდებას: „მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას.“

მეუფე შიომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მაგალითს, როგორც ქალის უმაღლეს სულიერ იდეალს, და აღნიშნა, რომ მისი სახით კაცობრიობამ მიაღწია განსაკუთრებულ სიწმინდესა და სრულყოფილებას.

ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილში საუბარი შეეხო ქალისა და მამაკაცის როლს საზოგადოებასა და ეკლესიაში. მიტროპოლიტმა განმარტა, რომ თანასწორობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას: „ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას.“ მისივე თქმით, ქალს განსაკუთრებული უნარი აქვს მრავალმხრივ მსახურებაში — „ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით, იგი ასწრებს ოჯახშიც, სამსახურშიც და ეკლესიაშიც.“

ქადაგების ფარგლებში მიტროპოლიტმა შიომ ასევე ისაუბრა ჯვართაღმართების დღესასწაულზე და მის ისტორიულ ფესვებზე, რომლებიც უკავშირდება წმინდა ნინოს, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოღვაწეობას. მან გაიხსენა წმინდა ნინოს სიტყვები — „ეს ჯვრები იქნება მფარველად ყოველთა ქრისტიანეთა“ — და აღნიშნა, რომ ჯვრის აღმართვამ საქართველოში კერპთაყვანისმცემლობის დამარცხება განაპირობა.

მეუფემ ილოცა, რომ ჯვრის ძალა და მადლი დღესაც მოქმედებდეს: „უფალმა ინებოს, რომ ამ ჯვრების ძალით და მადლით თანამედროვე კერპებიც დაიმსხვრეს საქართველოში,“ — და მოუწოდა მრევლს სარწმუნოების განმტკიცებისკენ.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ კიდევ ერთხელ მიულოცა მენელსაცხებლე დედათა დღე, განსაკუთრებით ქალებს, დედებსა და დებს, და უსურვა მათ სულიერი გაძლიერება, ღვთის წყალობა და წმინდა მენელსაცხებლე დედების მაგალითის მიბაძვა. ასევე აღევლინა ლოცვა საქართველოს ერთიანობისა და გაძლიერებისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ