მიტროპოლიტ შიოს ქადაგება პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სიტყვა სიონის ტაძარში შესრულებულ პანაშვიდზე.
,,სახელითა მამისათა, ძისათა და წმინდისა სულისათა, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ყოვლადსამღვდელონო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო.
აი, განვლო 40 დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან, და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს, განუკუთვნა 40-დღიანი აკრძალვითი მსახურება და გლოვა. და აი, ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა.
ამ პერიოდში ეს დრო იქცა ჩვენთვის, ალბათ დამეთანხმება ყველა, ერთგვარ დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც გავხდით — იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით აღვსილი სიჩუმე, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ — განგვაცდევინა ჩვენ მოწიწება, სიყვარულიც და, ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, სულიერი გამოფხიზლება და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანცა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მოძღვრის, ნამდვილი მწყემსმთავრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული: „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე.“
აი, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ დიახ — მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ.
და სწორედ ამ ღვაწლის შედეგი იყო და არის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ — ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება, და რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის სიყვარული, მზრუნველობა და თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას — განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობისა თუ საქმიანობისა.
ალბათ ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე. და აი, თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებსა და დაბნეულობას — დაბნეული სამწყსო, შეიძლება გვეფიქრა: რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე?
მაგრამ აი, როგორც მისი გარდაცვალების დღეებში ჩვენ დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლითა და მისი უწმინდესობის უსაზღვრო სიყვარულით, ჩვენში ეს მწუხარება დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით.
დღეს, როგორც არასდროს, ძალამძს გვესმის უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება, და ვისაც მე ვრწმენე, თუნდაც მოკვდეს, იცოცხლებს.“
როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან „მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან,“ როგორც ნათქვამია წმინდა წერილში.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში, და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი ჩვენს ქვეყანასა და თითოეულ ჩვენგანს, და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა ჩვენ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა — გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე, მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობასა და ლმობიერებაზე, რაზეც გვიქადაგებდა ჩვენი უწმინდესი.
ძნელია, რა თქმა უნდა, დღეს ჩემთვის საუბარი თქვენს წინაშე. მინდა თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი და ვმადლობდე უფალს, რომ მოგვევლინა ჩვენ ასეთ ურთულეს ათწლეულებში და თითქმის 50 წელი იღვაწა მისმა უწმინდესობამ.
დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი წყალობისა და მფარველობისთვის, და მადლობა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას — კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს — თავისი დიდებული ღვაწლისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო.
ქრისტე აღსდგა!”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს ღვთისმსახურება აღევლინა.