რეჟისორი გიორგი კაჭარავა ფილმზე „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“ საუბრობს

რეჟისორი გიორგი კაჭარავა ფილმზე მუშაობის დროს. ფოტო: გიორგი კაჭარავა
2026 წლის ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ გიორგი კაჭარავას ფილმი „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“. ფილმის შექმნის თორმეტწლიან ისტორიასა და ამ გზაზე გადალახულ დაბრკოლებებზე რეჟისორმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ვრცელ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
გიორგი კაჭარავას განმარტებით, ფილმის შექმნის მთავარი მამოძრავებელი წმინდა გაბრიელის ცხოვრებიდან ის ეპიზოდი გახდა, როდესაც მან ლენინის პორტრეტი დაწვა და ამის გამო სასტიკი დევნა განიცადა. საუბარი შეეხო რეჟისორის პირად დამოკიდებულებას რწმენისადმი, ფილმის საფესტივალო გზასა და სამომავლო გეგმებსაც. რეჟისორმა გაამხილა, რომ დიდი ხანია წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებაზე ოცნებობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს.
ჟურნალისტი:
ბატონო გია, როგორ დაიბადა ფილმის „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“ შექმნის იდეა და რამ გიბიძგათ, წმინდა გაბრიელ აღმსარებლის ცხოვრებისა და სულიერი ღვაწლისთვის თორმეტწლიანი შემოქმედებითი შრომა მიგეძღვნათ?
რეჟისორი:
თავიდანვე მინდა განვაცხადო, რათა ნათელი იყოს თქვენი მკითხველისთვის და არ შეიქმნას ცრუ წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სულიერი ვარ და ა.შ. მე მინდა კონკრეტულად, ხაზგასმით გითხრათ: მე ვარ კინორეჟისორი, ყოველთვის ვეძებ ამაღლებულ თემატიკას. ის, რომ სულიერებისკენ არის მიმართული — ამისთვის მადლობა ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფილმზე მიმუშავია და მათ შორის კომედიებზეც, ასეთი თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მე იმ ეპოქიდან ვარ, როდესაც ცხოვრობდა ბერი გაბრიელი და როდესაც მან დაწვა ლენინის პორტრეტი. ძალიან კარგად ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა ოდნავ გადახვევა — ხელის ცუდად შეხებაც კი დასჯადი იყო. ახალგაზრდა თაობამ შეიძლება ეს ვერ გაიგოს, ვერ წარმოუდგენია დღევანდელ ახალგაზრდას, ეს რას ნიშნავდა. ცუდი შედეგიც მოჰყვა ამას ბერი გაბრიელისთვის —
ამის გამო დახვრეტა მიუსაჯეს, უბრალოდ, შემდეგ სხვა ძალები ჩაერთვნენ და ციხეში გადაიყვანეს. თვითონ ეს ფაქტი იყო ჩემთვის მამოძრავებელი ამ ისტორიიდან და აქედან დაიწყო სცენარზე მუშაობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შევხებივარ ბერი გაბრიელის სულიერი მოღვაწეობის გზას. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც სასტიკი დასჯით გაგრძელდა.
ჟურნალისტი:
წმინდა გაბრიელის ცხოვრება სავსე იყო განსაცდელით, თავდადებითა და მოყვასის სიყვარულით. მისი მოღვაწეობის რომელი მხარის წარმოჩენა იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
რეჟისორი:
თვითონ ბერი გაბრიელის მოღვაწეობა, ცხოვრება და მისი არჩევანი, რასაც ჰქვია სალოსობა, ძალიან დიდი რამაა. მე არ შევდივარ რელიგიურ სიღრმეებში, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სათუთი და ინდივიდუალური თემაა ეს. მაგრამ, რაც მე გამაჩნია, იქიდან გეუბნებით, რომ მე კარგად მაქვს შესწავლილი, თუ რას ნიშნავს ღვთის გლახა და როგორი დიდი მამა უნდა იყო, რომ ეს შეინარჩუნო მთელი ცხოვრება. სალოსი თუ ხარ და ხვდებიან ადამიანები, ესე იგი, შენ სალოსი არ ხარ. შენ უნდა ითამაშო მთელი ცხოვრება გიჟის როლი და მე, როგორც ხელოვანს, შემიძლია გითხრათ, რომ მსახიობს შეუძლია გაძლოს რამდენიმე საათი, როდესაც განიცდის პერსონაჟს, და ეს არის ძალიან მძიმე შრომა, როდესაც გარდაისახება. და შენ შეძლო, მთელი ცხოვრება ატარო ეს და იყო ბრძენთა ბრძენი და ყველანაირად აღმატებული — ეს ძალიან დიდი რამაა. მე მიმაჩნია, რომ ბერი გაბრიელი დაბადებიდან იყო წმინდანი და მან ეს იცოდა ბავშვობიდან. მან იცოდა, რა გზა უნდა გაევლო, იმიტომ, რომ პირდაპირ კავშირში იყო უფალთან.
ჟურნალისტი:
თორმეტწლიანი მუშაობის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით და როგორ შეიცვალა ამ გზაზე თქვენი პირადი დამოკიდებულება რწმენის, ლოცვისა და წმინდა გაბრიელის სულიერი მემკვიდრეობის მიმართ?
რეჟისორი:
რწმენასა და ამ სამყაროზე იშვიათად საუბრობენ ადამიანები ღიად, რადგან ცოტათი დაფარული თემაა. მადლობა ღმერთს, რომ ამას არასოდეს ვუჩიოდი. ბავშვობიდან მომკიდა უფალმა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი იყო, როდესაც მე დავიბადე და ახალგაზრდა ვიყავი, ღმერთი ყოველთვის ჩემთან იყო. მე წიგნებიც კი გამოვეცი ამ თემაზე, როგორც გამოკვლევები, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ უფალი არ არსებობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არსებობდა — ამას გვიმტკიცებდნენ და ეს იყო ყველაზე დიდი ლახვარი, რაც ათეიზმმა მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ჩასცა. მიუხედავად იმისა, რომ ძიებაში ვიყავი მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით, უფალს არასოდეს დავუტოვებივარ.
მაგრამ რაც შეეხება უკვე 2014 წელს, როდესაც პატრიარქთან ამ თემასთან დაკავშირებით მიმიყვანეს, მახსოვს, რომ დამლოცა — ჩემთან ერთად ორი პროდიუსერი იყო. პირადად მე მითხრა: „აბა, შენ იცი“. მაშინ ვერ გავიაზრე და ვერ მივხვდი, არ ვიცოდი, რომ ჩემს თავს თორმეტწლიანი სიგიჟე იწყებოდა. მე ვფიქრობდი, როდესაც გამოვაცხადებდი, რომ ამ ფილმის გადაღება მინდოდა, მთელი საქართველო გვერდით დამიდგებოდა. სამწუხაროდ, ხელის შეშლის გარდა ამ გზაზე მე არაფერი მქონია, მაგრამ მამა შალვამ ერთხელ მითხრა: „ნუ გეშინიაო, რადგანაც ამის უფლება მოგცა, ესე იგი, იცის, როგორ უნდა გააკეთო, და გააკეთეო. სირთულეებისთვის მზად უნდა იყოო“.
ამას ჩემი შეხედულება რელიგიის მიმართ არ შეუცვლია, გაამყარა კიდევ უფრო. მე არ ვარ იმ ადამიანებზე ნაწყენი, ვინც ხელს მიშლიდა, პირიქით, იმიტომ, რომ ისინი ამ საქციელით მე დამეხმარნენ. როდესაც მამა გაბრიელი ამოიყვანეს, მე ვიყავი მისული და ვიკითხე: „იქნებ არ გინდა ამ ფილმის გადაღება, იქნებ არ არის საჭირო, რომ გადავიღო?“ და იყო ასეთი აზრებიც, რომ წმინდანებზე ფილმის გადაღება არ შეიძლება. აბა, რაზე უნდა გადავიღოთ ფილმები? რეებს აჩვენებენ, თქვენც ხომ ხედავთ? ოჯახში უკვე ბილწსიტყვაობენ და ისე ურთიერთობენ. არ მინდა ვინმეს ცუდად შევეხო, მაგრამ ფაქტია, რომ წალეკა ბილწსიტყვაობამ ყველაფერი — ეკრანი იქნება ეს, ინტერნეტი თუ კინო.
ეს არის ფილმი, სადაც ბილწსიტყვაობა არ არის და რომელსაც შესაძლებელია დაჯდე და ორსაათნახევარი უყურო. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მომიყვანა და კიდევ უფრო გამამყარა სიხარულში.
ჟურნალისტი:
ნამდვილად გეთანხმებით, გასაოცარი ადამიანი იყო ჩვენი განსვენებული, ნეტარხსენებული პატრიარქი და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ბიძგი და ძალა იყო ის, რომ თქვენ გადაიღეთ ეს დიდებული ფილმი.
მომავალში თუ გეგმავთ მსგავსი ჟანრის ფილმის გადაღებას?
რეჟისორი:
ძალიან ბევრი წერს, თუ როდის იქნება ტელევიზიით ფილმი. მინდა მივმართო და ვთხოვო მაყურებელს:
ფილმი ვერ გავა ტელევიზიით, რადგან ამას თავისი გზა აქვს, როგორც კინოს, გასავლელი, თავისი ფესტივალებით. მთხოვენ სხვადასხვა მართლმადიდებლურ და რელიგიურ ფესტივალზე ფილმის გაგზავნას.
ჩვენ უფლებაც არ გვაქვს, სანამ ამ ფესტივალებს არ მოივლის, ფილმი გავუშვათ. ახლა კინოთეატრებში რომ გადის, ეს ძალიან დიდი შეთანხმების შედეგად მოხდა. მოგვიწია იმის ახსნა, რომ ეს არის ადგილობრივი და ლოკალური და რომ არსად გავიდოდა, გარდა კინოთეატრისა.
ფილმი მოგიტანეთ ეკრანზე. მინდა აღვნიშნო, რომ ორი ადამიანი საფრანგეთიდან ჩამოვიდა, რათა დასწრებოდა ამ ფილმს, რომლებსაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ გზა. ჩვენც მივაგოთ პატივი ამას. კინო გადაღებულია კინოს ფორმატით და ამაზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული, რომ კინოს ფორმატი ჰქონოდა. თორმეტი წლის განმავლობაში ამ ფილმს ბლოკავდნენ, არ უშვებდნენ და ბოლოს ქალბატონმა თეამ (წულუკიანი) გაბედა, რომ მოეცა საშუალება, და ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს, რადგან იმედები გავუმართლეთ.
ჩემთვის ვლაპარაკობ და ჩემს წრეში და არ ვასაჯაროებ ამას, რომ ძალიან დიდი ხანია მაქვს ოცნებად წმინდა ნინოს ცხოვრების გზის გადაღება. ამას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. აქ საჭირო იქნება მთელი ხელნაწერების შეგროვება, მთლიანი გუნდის შეკვრა, ისტორიკოსები და თვითონ ამ თემატიკაში გარკვეული ხალხი — ეს რაც შეეხება მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდს. ეს სახელმწიფო პროექტი თუ არ იქნება, შეუძლებელია ამ ფილმის გადაღება.
ჟურნალისტი:
რა თქმა უნდა, მესმის, ძალიან სათუთია და ძალიან საფრთხილოა მსგავს ფილმზე მუშაობა.
რეჟისორი:
ამ ფილმით მე დავამტკიცე, რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავს პროექტებზე კარგად მუშაობა. ქართულ კინოზე თუ ვილაპარაკებთ, ისეთ ფილმებს ვიღებდით, ჰოლივუდს უკვირდა. მე მაქვს ჩემი პროექტები, რომლებსაც განვახორციელებ და მინდა, მაგრამ ამ თემატიკაზე განსაკუთრებით სიამოვნებით ვიმუშავებდი.
წაიკითხეთ ასევე
ფსევდორელიგიურობის თანამედროვე გამოვლინებანი
ფსევდორელიგიურობის ყველაზე თვალსაჩინო და მძაფრი სახარებისეული მეტაფორა მაცხოვრის მიერ ფარისევლების მხილებისას გვხვდება.
ტრაგედია იორდანიაში და ქრისტიანთა დევნის მძიმე რეალობა XXI საუკუნეში
იორდანია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ისტორიულად გამოირჩეოდა შედარებითი სტაბილურობითა და მუსლიმებსა თუ ქრისტიანებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციით, შოკში ჩააგდო სოფელ ჰმუდში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე.
საქართველოს ეკლესიის გზავნილი მსოფლიო პატრიარქს
მსოფლიო პატრიარქისთვის გადაცემული წერილი შინაარსობრივად გამორიცხავს ყოველგვარ ვარაუდს ეკლესიებს შორის არამეგობრული ურთიერთობის შესახებ.
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
მართლმადიდებელ ჟურნალისთტა კავშირის ქართულ რედაქციასთან დეკანოზმა ისაუბრა გასაჯაროებულ დოკუმენტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.