„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.
პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი (შემდგომში ცნობილი როგორც ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნებისა და ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი გამოირჩევა როგორც მაღალი მხატვრული ღირებულებით, ისე უმდიდრესი ისტორიულ-დოკუმენტური წყაროებით, რომლებიც მას უკავშირდება.
ხატი მიეკუთვნება ოდიგიტრიას („გზის მაჩვენებელი“) კანონიკურ იკონოგრაფიულ ტიპს, სადაც ღვთისმშობელს მარცხენა მკლავით ყრმა იესო უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით მიანიშნებს მასზე, როგორც კაცობრიობის ხსნის წყაროზე. ხატის ფერწერული დაფა შემოსილია მაღალი მხატვრული ოსტატობით შესრულებული ვერცხლის ჭედური პერანგით, რომელიც შემკულია 123 ძვირფასი თვალით, მარგალიტებითა და ორი წყვილი ოქროს საყურით. ხელოვნებათმცოდნეთა, მათ შორის აკადემიკოს გიორგი ჩუბინიშვილის შეფასებით, ხატის ჭედურობა XVI საუკუნის გელათის ოქრომჭედლობის სკოლას-სახელოსნოს განეკუთვნება და გამოირჩევა დეკორატიული ელემენტების სიმდიდრით, მცენარეული ორნამენტიკითა და არშიებზე წარმოდგენილი მედალიონების კომპოზიციური წონასწორობით. ამასთანავე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოჭედილობის ქვეშ არსებული პირველსაწყისი ფერწერული ფენა შესაძლოა XVI საუკუნეზე უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნებოდეს.
ხატის ქვედა არშიაზე, მედალიონებს შორის, ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი ასომთავრული საქტიტორო წარწერა: „ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით... ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ...“. ეს ეპიგრაფიკული ძეგლი იუწყება, რომ პირველსაწყისი მოჭედილობა დაძველებული იყო, რის გამოც იგი იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565–1585 წწ.), მისი ვაჟის ალექსანდრესა (შემდგომში ალექსანდრე II) და ქუთათელი მთავარეპისკოპოსის, ბასილი ჩხეტიძის თაოსნობით ხელახლა მოიჭედა და განახლდა ოსტატ რაფიელ მონაზვნის მიერ.
პალიასტომის ტბის წარმოქმნისა და ხატის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ უძველესი ფიქსირებული წერილობითი ცნობა დაცულია რუსი ელჩის, არსენი იევლევის 1650–1652 წლების იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო დღიურში. 1651 წელს, ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას, ტაძრის მსახურმა გაბრიელ ხუცეს-მონაზონმა ელჩს გადასცა საგვარეულო და საეკლესიო გადმოცემა იმის შესახებ, რომ ხატი თავდაპირველად ესვენა გურიაში, ციხე-ქალაქ პალიასტომის საკათედრო ტაძარში. ტაძრის წინამძღვარსა და გაბრიელ ხუცესის წინაპარს, სილიბისტროს, სამჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი და აუწყა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ. სილიბისტრომ გაფრთხილება არ ირწმუნა, რასაც ქალაქის წყლით დაფარვა მოჰყვა. წარღვნის დროს ხატი ჰაერში ამაღლდა და სინანულში ჩავარდნილი სილიბისტროს ხელებში დაესვენა, ხოლო შემდგომი გამოცხადებით, იგი ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. იევლევის ჩანაწერით, ეს მოვლენა XII საუკუნეში - მეფე გიორგი III-ის (დავით აღმაშენებლის შვილიშვილის) ზეობის ხანაში მოხდა. იევლევის კითხვაზე მიტროპოლიტმა ზაქარია ქვარიანმა დაადასტურა, რომ ეს ისტორია „წიგნში ჭეშმარიტად ასეა მოთხრობილი“, რაც მიუთითებს XVII საუკუნემდე არსებულ, დღეს დაკარგულ ან მიუგნებელ ჰაგიოგრაფიულ კრებულზე.
XX საუკუნის 1920-1930-იან წლებში, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატარებული ანტირელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, მასობრივად იხურებოდა და ინგრეოდა ტაძრები. ამ დროს ეკლესია-მონასტრებიდან ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, ოქრომჭედლობის ძეგლები და სიწმინდეები სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა და მუზეუმების ფონდებში ნაწილდებოდა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა პალიასტომის ხატიც ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
რადგანაც ფერწერული დაფა და XVI საუკუნის ვერცხლის ჭედურობა უაღრესად მგრძნობიარეა ტემპერატურის, ტენიანობის, სანთლის ჭვარტლისა და ჰაერის ცვლილებებისადმი. მუზეუმის საცავსა და საექსპოზიციო დარბაზში დაცულია სპეციალური მიკროკლიმატი, რომელიც ხელს უშლის ხის დაშლას, საღებავის ჩამოცვენასა და ვერცხლის კოროზიას. ხატი წარმოადგენს არა მხოლოდ სულიერ სიწმინდეს, არამედ XVI საუკუნის ოქრომჭედლობის უნიკალურ ძეგლს, სწორედ ამიტომ მუზეუმში შექმნილია სპეციალური დაცვის, სიგნალიზაციისა და უსაფრთხოების სისტემები, რაც აუცილებელია ასეთი მასშტაბის მატერიალური და კულტურული ფასეულობის დასაცავად.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი უდიდესი ისტორიულ-კულტურული და სულიერი ღირებულებისაა, იგი ფართო საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი, ვიდრე, მაგალითად, ივერიის, აწყურის ან ხახულის ღვთისმშობლის ხატები. მიზეზი ვფიქრობთ არის ის, რომ ხატების „ცოცხალი“ თაყვანისცემა საუკუნეების მანძილზე ეკლესიურ-ლიტურგიკულ ცხოვრებას უკავშირდებოდა. საბჭოთა პერიოდში „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატის მუზეუმის ფონდში გადატანამ იგი ფართო მორწმუნე საზოგადოების ყოველდღიური ლოცვითი სივრციდან გაამოთიშა. როდესაც სიწმინდე ტაძარში არ ესვენება და მასთან ყოველდღიური ლიტურგიკული მსახურება არ აღესრულებოდა, ბუნებრივად შემცირდა მისი ცნობადობაც ხალხში.
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ, ეს ამ ჰომნოგრაფიულ საგალობელშიც ჩანს: „დაუცხრომელად გადიდებთ შენ, "პალიასტომისა" ღმრთისმშობელო, ვითარცა შესავედრებელსა და სიქადულსა ქართველთა ერისასა, და გევედრებით, დაგვიფარნე საფარველსა ქუეშე შენსა და განგვამტკიცე ბრძოლათა შინა უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა“.