26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება

ივერიის ღვთისმშობლის ხატი
26 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას აღნიშნავს. ეს დღე განსაკუთრებული პატივით აღინიშნება ქალაქ ფოთში. მორწმუნეები ღვთისმშობელს საქართველოს მშვიდობას, გამთლიანებასა და გაძლიერებას, ოჯახების მფარველობასა და სულიერ შეწევნას შესთხოვენ.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია ათონის წმინდა მთაზე მდებარე ივერთა მონასტერს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მონასტრის ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს. უჩვეულო სანახაობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ზღვის ნაპირზე შეკრებილმა მამებმა დაინახეს, რომ ნათელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ადგა, თუმცა მიახლოების მცდელობისას ხატი მათ შორდებოდა.
იმხანად ივერთა მონასტერში ქართველი ბერი, წმინდა გაბრიელი მოღვაწეობდა. გადმოცემის მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მას გამოუცხადა, რომ ზღვაში შესულიყო და ხატი ნაპირზე გამოებრძანებინა. წმინდა გაბრიელი რწმენით დაემორჩილა დედა ღვთისას მოწოდებას, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმინდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
მამებმა ხატი ლოცვითა და გალობით მიიღეს და სამადლობელი პარაკლისი აღასრულეს. გადმოცემით, იმ ადგილას, სადაც ხატი დააბრძანეს, წყარომ ამოხეთქა. შემდეგ სიწმინდე მონასტრის ტაძარში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს.
მეორე დილით ბერებს ხატი საკურთხეველში აღარ დახვდათ. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭესთან აღმოაჩინეს და კვლავ ტაძარში დააბრუნეს. ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა წმინდა გაბრიელს და აუწყა, რომ თავად სურდა მონასტრისა და მისი ძმობის მფარველობა. ამის შემდეგ მამებმა კარიბჭესთან ღვთისმშობლის სახელობის მცირე ტაძარი ააგეს და სასწაულთმოქმედი ხატი იქ დააბრძანეს. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ხატის სახელწოდება „პორტაიტისა“, რაც „კარიბჭის მცველს“ ნიშნავს.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მორწმუნეთათვის დედა ღვთისას მფარველობისა და შეწევნის განსაკუთრებული სიწმინდეა. მის ისტორიასთან დაკავშირებული საეკლესიო გადმოცემები ღვთისადმი მტკიცე რწმენას, მორჩილებასა და სასოებას წარმოაჩენს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი საბა ჭიკაიძე, - ღვთისმშობელი სულიერად და ფიზიკურად გვიფარავს.
წაიკითხეთ ასევე
„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.
იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ
სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.
დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება
გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.