დეკანოზი საბა ჭიკაიძე, - ღვთისმშობელი სულიერად და ფიზიკურად გვიფარავს
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.
15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი დადიანების მუზეუმიდან გამოაბრძანეს, შემდეგ საზეიმო ლიტანიობა გაიმართა და სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. ხოლო სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ აღავლინა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ესაუბრა დეკანოზ საბა ჭიკაიძეს. ჩვენთან საუბრისას მამაომ ამ დღესასწაულის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მომავალი წლისთვის მთელი საქართველოს შეკრება ისურვა.
,,ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო ეს უდიდესი დღე. ეს მართლაც უდიდესი დღე არის, იმიტომ , რომ ჩვენ გავხდით ღირსი იმისა, რომ არ მხოლოდ უფლის კვართი, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი წყალობაა ღმერთისა. ამავდროულად ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და უფალმა ინებეს, რომ უფლის კვართი, რომელიც ეკლესიის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ქვეყნის გულში, სვეტიცხოველში არის დაკრძალული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესამოსელი ვლაქერნის ტაძარში იყო დაბრძანებული წლების განმავლობაში, შემდეგ უკვე ხატმებრძოლეობის პერიოდში საქართველოში იქნა გადმობრძანებული. ასე ინება წმინდა ღვთისმშობელმა. ეს არის უზარმაზარი წყალობა.
მე მახსოვს შარშან იყო ჩამოსული ერთ-ერთი მიტროპოლიტი, რომელმაც ქადაგებაში ახსენა, ჩვენ იმ ადგილს ვეთაყვანებითო, სადც დაბრძანებული იყოო ეს უზარმაზარი სიწმინდეო და თქვენ ამხელა ბედნიერება გაქვთო.
ღვთის მადლით ისედაც ბევრი ხალხია და ყოველ წელს მატულობს მომლოცველთა რიცხვი, მაგრამ ვფიქრობ ამაზე ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს, მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს ამ უდიდეს დღეს, როდესაც ხდება დღესასწაულობა შესამოსლისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, ფიზიკურადაც გვიფარავს და ფიზიკიკურადაც გვეუბნება: ჩემი საფარველი, ჩემი შესამოსელი გადაფარებულია თქვენს ქვეყანაზე, ვიცავ და ვიფარავ მას. ჩვენი ისტორიაც ამის დასტურია.
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღეს, დაგვიცვას და დაგვიფაროს, ამინ!''- დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა მომლოცველთა ნაკადი. სიწმინდე დღის ბოლოს მსვლელობით გადააბრძანეს ისევ დადიანების მუზეუმის საცავში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.