მიტროპოლიტი დამასკინოსი: „ჩვენი ეკლესიები საუკუნები მხარდამხარ მიდიოდნენ წინ“

დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი (ელადის სამთავარეპისკოპოსო). ფოტო: საზუ

დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი (ელადის სამთავარეპისკოპოსო). ფოტო: საზუ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან საბერძნეთის ეკლესიის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიას ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმესა და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სადღესასწაულო მისალმება გადასცა. სიტყვაში მან საქართველოს ქრისტიანულ ისტორიაზე, სარწმუნოების შენარჩუნებისთვის გაწეულ ღვაწლსა და ქართველი და ბერძენი ხალხების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა ონოფრემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ჩვენს ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ერთობას“ — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ისტორიულ გზაზე ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს არის კურთხეული ქვეყანა, რომლის მიწაც სარწმუნოებისათვის ათასობით მოწამის სისხლმა, ღირსი ასკეტების ცრემლებმა და მისი კეთილმსახური ადამიანების პატიოსანმა ოფლმა მორწყო“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა დამასკინოსმა.

მღვდელმთავარმა საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო მოღვაწეობა და მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ქადაგება გაიხსენა. მისი თქმით, ქართველი ხალხი რთულ ისტორიულ პირობებშიც ინარჩუნებდა ქრისტიანულ სარწმუნოებასა და სამშობლოს სიყვარულს.

„თაყვანს ვცემთ ამ წმინდა მიწის პატიოსან ნაწილებსა და წმინდა ხატებს, რომელთა შორისაც გამორჩეული პატივით სარგებლობს ივერიის ღვთისმშობელი „მეკარე“ (პორტაიტისა)“, — განაცხადა მან.

მიტროპოლიტმა დამასკინოსმა ხაზი გაუსვა ქრისტიანული ფასეულობების მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებაში. მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს ღირებულებები დაედო საფუძვლად დავით აღმაშენებლისა და წმინდა მეფე თამარის ეპოქის აღმავლობას და ქართველ ხალხს ომებისა და დაპყრობების მძიმე პერიოდებში სიმტკიცისა და ერთობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი და ბერძენი ხალხების ურთიერთობას დაეთმო. მღვდელმთავარმა მადლიერებით გაიხსენა საქართველოში ოსმალთაგან დევნილი პონტოელი ბერძნების მიღება და აღნიშნა, რომ ქართველთა სტუმართმოყვარეობის ხსოვნა მათ შთამომავლებში დღემდე ცოცხლობდა.

„ბერძენ ხალხს დიდი მადლიერებით ახსოვს, რომ ოსმალთაგან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა ნუგეში სტუმართმოყვარე ქართველი ხალხისგან ჰპოვეს და ეს ხსოვნა დღემდე ცოცხლობს სამშობლოში დაბრუნებულთა გულებში“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მან ასევე ისაუბრა საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ თემსა და ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ. მღვდელმთავრის შეფასებით, მათ ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ.

„ჩვენი ხალხი და ჩვენი ეკლესიები საუკუნეთა განმავლობაში მხარდამხარ, სოლიდარულად მიდიოდნენ წინ ჩვენი უფლის ჯვრითა და აღდგომით შთაგონებულნი“, — განაცხადა მან.

მიტროპოლიტმა დამასკინოსმა განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში.

„განსაკუთრებით მოვიხსენიებთ ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია II-ის სახელს. მისი პიროვნება თანამედროვე საქართველოს ეკლესიის ბრწყინვალე ფიგურად წარმოჩინდება, რადგან მან ქართველი ხალხი ათეისტური რეჟიმის სიბნელიდან თანამედროვე ეპოქის ნათლისაკენ გამოიყვანა“, — აღნიშნა მღვდელმთავარმა.

მისი თქმით, პატრიარქ ილია II-ის დამოკიდებულება ურთულესი მოვლენებისადმიც ღრმა რწმენით იყო განმსჭვალული და მარადიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა.

„მოვლენებისადმი, თუნდაც ყველაზე რთულისადმი, მისი დამოკიდებულება წარმოაჩენდა რელიგიურ ლიდერს, რომელმაც იცოდა, როგორ განეჭვრიტა წარმავალს მიღმა მარადიულობა“, — განაცხადა მიტროპოლიტმა დამასკინოსმა.

მისასალმებელი სიტყვის დასასრულს მან კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი მსახურება უსურვა, ხოლო საქართველოსა და ქართველ ხალხს — წინსვლა და კეთილდღეობა.

„ვევედრებით უფალს, რათა მრავალჟამიერ და ჯანმრთელად ამყოფოს თქვენი უნეტარესობა, რათა თქვენი გონივრული წინამძღოლობით საქართველოს ღვთისმოყვარე და ქრისტესმოყვარე ხალხმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზით განაგრძოს სვლა ღვთის სადიდებლად“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო

გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.

ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.

მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“

ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიტროპოლიტმა ონოფრემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა

„ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ჩვენს ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ერთობას“ — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ისტორიულ გზაზე ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა

,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.

ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.