რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში. ფოტო: საზუ

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში. ფოტო: საზუ

2026 წლის 30 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია. საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ამ თემაზე საქართველოს პატრიარქმა რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მიიღო
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან დიალოგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საეკლესიო პრობლემებს შეეხო. მისი თქმით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ საეკლესიო ვითარების დასარეგულირებლად თანამშრომლობის გარკვეული რესურსი ნამდვილად არსებობს: „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს. გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

უნდა ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - არსებული საეკლესიო კრიზისის მოგვარების პერსპექტივა ერთდროულად კანონიკურ შესაძლებლობებსა და მძიმე პოლიტიკურ ბარიერებს შორის მერყეობს. ერთის მხრივ, დიალოგისა და გარკვეული პოზიტიური ძვრების შანსს აჩენს ის ფაქტი, რომ მოსკოვის საპატრიარქო დე-იურე აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციას ამ რეგიონებში. სწორედ ამ სამართლებრივ ჩარჩოზე დაყრდნობით, რუსეთის საპატრიარქოს გაჩნია რეალური ბერკეტი, მკაცრი საეკლესიო შეფასება მისცეს ადგილობრივი სეპარატისტი სასულიერო პირების თვითნებობას, აღკვეთოს მათი უნებართვო მსახურება და ხელი შეუშალოს არაკანონიკური სტრუქტურების საბოლოო ინსტიტუციონალიზაციას. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ აღნიშნული „სამუშაო რესურსიც“ სწორედ ამ დიპლომატიური და კანონიკური არხების შენარჩუნებაში მდგომარეობს.

მეორეს მხრივ, პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრა ამ ეტაპზე პრაქტიკულად უშანსოდ გამოიყურება. მოსკოვის საპატრიარქო მჭიდროდ არის ინტეგრირებული რუსეთის ფედერაციის საგარეო-პოლიტიკურ ვერტიკალში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლის პოლიტიკური ნების გარეშე ეკლესია ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლებები და სეპარატისტულად განწყობილი სასულიერო ჯგუფები კვლავ ხისტად ბლოკავენ ქართველი მღვდელმსახურების დაბრუნებასა და ადგილზე ლიტურგიკულ აქტივობას. შესაბამისად, არსებულ ვითარებაში მაქსიმალური მიღწევადი შედეგი არა გლობალური დეოკუპაცია, არამედ ლოკალური, ტაქტიკური შეთანხმებები შეიძლება იყოს - მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა, ადგილობრივი მრევლისთვის საეკლესიო წესების მეთვალყურეობა და სეპარატისტული ეპარქიების ოფიციალური აღიარების პროცესის შეკავება.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიას გაჩნია უნიკალური „რბილი ძალის“ პოტენციალი, რითაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე ან იკისროს შუამავლის ფუნქცია პოლიტიკურ დიალოგში. იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, საეკლესიო დიალოგი რჩება ერთ-ერთ იშვიათ პირდაპირ ინსტიტუციურ ფორმატად.

საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მსგავსი ვიზიტები და მაღალი დონის საეკლესიო დიალოგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც არაერთხელ გამართულა. როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, საეკლესიო არხი დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ ინსტიტუციურ ფორმატად, სადაც პირდაპირი შეხვედრები რეგულარულად გრძელდებოდა. უახლესი ისტორიიდან შეიძლება რამდენიმე საკვანძო მაგალითის გამოყოფა: ომის დასრულებისთანავე, 2008 წლის შემოდგომასა და 2009 წელს, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა. სწორედ ამ საეკლესიო დიალოგის შედეგი იყო ის, რომ რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალურად არ ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო სტრუქტურების გამოყოფა და დე-იურე აღიარა საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრები. გარდა ამისა, საეკლესიო არხებით მოხერხდა გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება და ტყვეების გათავისუფლების ხელშეწყობა.

საეკლესიო დიალოგმა წარსულში მოიტანა კონკრეტული ჰუმანიტარული შედეგები და შეაკავა რუსეთის საპატრიარქო, რომ ოფიციალურად არ დაერღვია საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრები. მიუხედავად მრავალწლიანი შეხვედრებისა და დაპირებებისა, დე-ფაქტო ვითარება ადგილზე არ შეცვლილა — ქართველ სასულიერო პირებს კვლავ არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსახურების უფლება.

ამრიგად, 30 სექტემბრის ვიზიტი ახალი ფენომენი არ არის; ეს არის იმ მრავალწლიანი, რთული და სიფრთხილით აღავსე საეკლესიო დიპლომატიის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში

ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო პრობლემატიკა და რეალური პერსპექტივები.

გასაჯაროებული საეკლესიო დოკუმენტი: პოროშენკოს ზეწოლა 2018 წლის გაერთიანების კრებაზე

კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.

ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.