ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების ნათლითშემოსილი დღესასწაული ქრისტიანულ აზროვნებაში კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოს ერთ-ერთ უმთავრეს მდგენელს წარმოადგენს. ეკლესიოლოგიური და ესქატოლოგიური თვალსაზრისით, ეს მოვლენა სცილდება უბრალო ისტორიულ-ბიოგრაფიულ ჩარჩოებს. იგი არის იესო ქრისტეს აღდგომით მოპოვებული სიკვდილზე გამარჯვების რეალური, პრაქტიკული განხორციელება პირველქმნილ ადამიანში. ღვთისმშობლის მიძინება არის ქრისტიანული სასოების ხორციელი დადასტურება - მტკიცებულება იმისა, რომ სულისა და სხეულის განღრთობა ადამიანისათვის უკვე მიღწევადი რეალობაა.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას. V საუკუნის დასაწყისში იერუსალიმის მახლობლად მდებარე „კათისმას“ ტაძარში 15 აგვისტო აღინიშნებოდა, როგორც ღვთისმშობლის ხსენების დღე. აღნიშნულ პროცესს ფუნდამენტური საღვთისმეტყველო იმპულსი მიანიჭა 431 წლის ეფესოს მესამე მსოფლიო კრებამ, სადაც წმინდა მარიამის სახელწოდება „ღვთისმშობელი“ დოგმატურად საბოლოოდ განისაზღვრა. VI საუკუნის მიწურულს (დაახლ. 588 წელს) ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიუსის საკანონმდებლო აქტით 15 აგვისტო მთელი იმპერიის მასშტაბით „მიძინების“ ერთიან საყოველთაო დღესასწაულად დამკვიდრდა.

ახალი აღთქმის კანონიკურ კორპუსში ღვთისმშობლის მიძინების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. დღესასწაულის  შესახებ თხრობა ემყარება არაკანონიკურ, ე.წ. აპოკრიფულ ლიტერატურას. მიძინების დეტალური აღწერა შემონახულია II-V საუკუნეების ლიტერატურაში. სწორედ აქ არის პირველად აღწერილი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან მოციქულთა სასწაულებრივი შეკრება იერუსალიმში და თომა მოციქულის დაგვიანების ეპიზოდი. უმნიშვნელოვანესი წყაროა წმინდა იოანე დამასკელის სამი ვრცელი ქადაგება ღვთისმშობლის მიძინებაზე. ისტორიულ ცნობებს ასევე გვაწვდიან დიონისე არეოპაგელი, მელიტონ სარდიელი და სხვა ადრექრისტიანი ავტორები. ღვთისმშობლის მიძინების შესახებ წყაროთ შეგვიძლია ჩავთვალოთ იკონოგრაფია და ჰიმნოგრაფია, რომლებიც დეტალურად და თეოლოგიური სიზუსტით გადმოსცემენ მიძინების ისტორიას.

ამ თხრობის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ ყოვლადწმიდა მარიამი იერუსალიმში, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. როდესაც მისი ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრული მოახლოვდა, ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას კვლავ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. მან ღვთისმშობელს სამი დღით ადრე ამცნო უფალთან გარდასახვის ჟამი და სასუფევლის სიმბოლოდ სამოთხის ბრწყინვალე რტო გადასცა. მარიამს ერთი დიდი საწუხარიღა ჰქონდა - სურდა, ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდნენ.

ღვთისმშობლის ვედრება შესრულდა: სულიწმიდის მადლით, მსოფლიოს ყოველი მხრიდან ღრუბლებზე ამხედრებული მოციქულები სასწაულებრივად შეიკრიბნენ იერუსალიმში, სიონის მთაზე. დათქმულ დღეს ოთახი ზეციური სინათლით გაბრწყინდა - თავად მაცხოვარი გარდამოვიდა ანგელოზთა დასთან ერთად და დედის უბიწო სული სიყვარულით მიიბარა. ღვთისმშობლის მიძინება არ ყოფილა ტკივილიანი სიკვდილი, არამედ მშვიდი, მიძინების მსგავსი გარდამავალი ჟამი დედამიწიდან ზეცაში.

მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა ცხედარი საზეიმო გალობით წაასვენეს გეთსიმანიის ბაღში და კლდეში გამოკვეთილ აკლდამაში დაასვენეს. დაკრძალვიდან მესამე დღეს იერუსალიმში ჩამოვიდა თომა მოციქული, რომელიც მოციქულებთან ერთად არ იყო. იგი მწარე ცრემლით ითხოვდა დედოფლის ცხედრის უკანასკნელად ამბორს. როდესაც მოციქულებმა აკლდამის კარი გააღეს, იქ მხოლოდ საღვთო სახვევები დახვდათ - ღვთისმშობლის სხეული აკლდამაში აღარ იყო. აქედან გამომდინარე, ეკლესიაში დამკვიდრდა სწავლება ღვთისმშობლის სხეულებრივად ზეცად ამაღლების შესახებ.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყვე-ლებაში მხოლოდ ყოვლადწმიდა ქალწულის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს არ აღნიშნავს, არამედ კაცობრიობის ხსნის, აღდგომისა და მომავალი საუკუნო დიდების უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს განაცხადებს. ღვთისმშობელი, როგორც ადამის მოდგმის წარმომადგენელი, ექვემდებარებოდა ფიზიკურ სიკვდილს, მაგრამ მისი სხეული არ განხწნილა. ეკლესიის სწავლებით, იგი მესამე დღეს სხეულითურთ იქნა აღყვანილი ზეცად. ეს არის პირველი რეალური მაგალითი იმისა, თუ რა ელის მთელ კაცობრიობას მეორედ მოსვლისა და საყოველთაო აღდგომის დროს - ადამიანი აღდგება არა მხოლოდ სულით, არამედ სხეულითაც.

თუ ევამ თავისი ურჩობით წუთისოფელში ცოდვა და სიკვდილი შვა, ღვთისმშობელმა თავისი მორჩილებითა და თავმდაბლობით გზა გაუხსნა ხსნის საქმეს. მიძინების საიდუმლო აჩვენებს, რომ დედა ღვთისამ სრულად განახორციელა ადამიანის თავდაპირველი დანიშნულება - ღმერთთან სრული შეერთება.

გავიხსენოთ როგორ განადიდებდნენ წმინდა და ღმერთშემოსილი მამები ყოვლადწმინდა დედის მიძინებას. ღირსი იოანე დამასკელი, რომელსაც ეკუთვნის ვრცელი ქადაგებები აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრძანებდა: „ჰოჲ, როგორ გადადის სიცოცხლის წყარო სიცოცხლესთან სიკვდილის გავლით! ო, როგორ ხდება, რომ ის, ვინც შობით ბუნების საზღვრებს აღემატა, ახლა ემორჩილება მის კანონებს და სიკვდილს ექვემდებარება უხწნელი სხეულით! ეს სხეული სიკვდილს უნდა დაეთმო, რათა გახწნილებას განშორებოდა. სიკვდილმა კი არ შთანთქა იგი, არამედ მან შთანთქა სიკვდილი.“ წმინდა მღვდელმთავარი და ჰიმნოგრაფი ანდრია კრეტელი ამგვარად დიდებისმეტყველებს: „დღეს ყოვლადწმიდა დედა სიცოცხლისა გადადის ამწუთისოფლიდან საუკუნო სიცოცხლეში; დღეს იგი, ვისგანაც იშვა საუკუნო სიცოცხლე, თავად ხდება ზიარი იმ სიცოცხლისა, რომელსაც აღარ აქვს დასასრული. იგი არ განშორებია კაცთა მოდგმას, არამედ უფრო მჭიდროდ შეერთო მას თავისი მუდმივი მეოხებით.“ ოქრომესიტყვე მღვდელმთავარი წმინდა იოანე კი ჩვეული სიტყვაკაზმულობით გვამხნევებს: „ნუ გეშინია სიკვდილისა, რამეთუ ქრისტეს აღდგომამ და ღვთისმშობლის მიძინებამ იგი ძილად და საუკუნო დიდებაში გადასვლად აქცია. დედამ სიცოცხლისამ გზა გაუკაფა ყოველ ადამიანს ზეციური იერუსალიმისაკენ.“

ამგვარად, მიძინების დღესასწაული არის არა გლოვის, არამედ იმედისა და სიხარულის დღე, რომელიც ყოველ ადამიანს სხეულით აღდგომასა და საუკუნო დიდებას აღუთქვამს. იგი კაცობრიობის ხსნის საქმის დაგვირგვინებაა: ქრისტეს მიერ სიკვდილზე მოპოვებული გამარჯვება ყოვლადწმიდა ქალწულის უხწნელ მიძინებასა და სხეულით ზეცად აღყვანებაში მატერიალურად განახორციელდა, რაც თითოეული ადამიანის მომავალი აღდგომის, ბუნების განღმრთობისა და საუკუნო სიცოცხლეში დამკვიდრების უტყუარ საწინდარს წარმოადგენს.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

მართლმადიდებელ ჟურნალისთტა კავშირის ქართულ რედაქციასთან დეკანოზმა ისაუბრა გასაჯაროებულ დოკუმენტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული

„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.

სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა

უკრაინის მართლმადიდენელი ეკლესიის( PCU-ს) შექმნის ირგვლივ ატეხილი სკანდალების შესახებ მოსაზრებები.

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში

ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო პრობლემატიკა და რეალური პერსპექტივები.

გასაჯაროებული საეკლესიო დოკუმენტი: პოროშენკოს ზეწოლა 2018 წლის გაერთიანების კრებაზე

კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.

ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.