„მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო...“

ფერისცვალება. მჟკ
ქრისტიანულ სოტერიოლოგიასა და ლიტურგიკულ ცხოვრებაში, უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალება მიეკუთვნება იმ ცენტრალურ მოვლენებს, რომლებიც არა მხოლოდ ისტორიულ-ფაქტობრივ რეალობას წარმოადგენენ, არამედ კაცობრიობის ხსნის საღვთო განგებულების ფუნდამენტურ საიდუმლოს განაცხადებენ. თაბორის მთაზე აღსრულებული სასწაული არის ერთგვარი ჭვრეტითი მწვერვალი ქრისტეს ამქვეყნიურ მისიასა და ჯვარცმა-აღდგომის საიდუმლოს შორის, სადაც ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი აღთქმა, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება, და იხსნება ადამიანის საბოლოო დანიშნულების - გაღმრთობის პერსპექტივა.
ფერისცვალების ეპიზოდი გადმოცემულია სამივე სინოპტიკურ სახარებაში: მათესთან (17:1-9), მარკოზთან (9:2-10) და ლუკასთან (9:28-36). სამივე მახარებელი ამ მოვლენას ათავსებს ქრისტეს მიერ საკუთარი ვნებისა და სიკვდილის პირველი აშკარა წინასწარმეტყველების უშუალო გაგრძელებად. ეს ქრონოლოგიური და შინაარსობრივი კავშირი გადამწყვეტია მოვლენის სწორად გაგებისათვის.
მახარებლები აღნიშნავენ, რომ იესომ თან წაიყვანა სამი გამორჩეული მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე - იგივე მოწაფეები, რომლებიც მოგვიანებით გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს აგონიის მოწმენიც გახდებიან. მაღალ მთაზე, რომელიც საეკლესიო გადმოცემით თაბორის მთად არის ცნობილი, მაცხოვარი ლოცულობდა, რა დროსაც მისი გარეგნობა შეიცვალა: სახე გაბრწყინდა მზესავით, ხოლო სამოსი გახდა სპეტაკი, როგორც ნათელი. ლოცვისას გამოჩნდნენ ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი: მოსე და ელია. წმინდა ლუკა მახარებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ისინი საუბრობდნენ ქრისტეს „განსლვაზე“, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო. ეს ტერმინი პირდაპირ უკავშირდება ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლას და მიუთითებს იესო ქრისტეს მიერ აღსასრულებელ ახალ, საბოლოო გამოხსნაზე ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან. მოვლენის კულმინაციაა ნათელი ღრუბლის აჩრდილი, რომელიც ძველ აღთქმაში ღვთის სადიდებლის სიმბოლოა და მამა ღვთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (მთ. 17:5). ეს არის სამების მეორე გამოცხადება ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში ნათლისღების შემდეგ.
ფერისცვალების საღვთისმეტყველო სიღრმე რამდენიმე ძირითად განზომი-ლებას მოიცავს: 1. ქრისტეს ვნებათა მოახლოებასთან ერთად მოწაფეები დიდი გამოცდისა და დაბრკოლების წინაშე უნდა დამდგარიყვნენ. თაბორის მთაზე ღვთაებრივი დიდების გამოჩენის მიზანი იყო მოწაფეთა რწმენის ისე განმტკიცება, რომ ჯვარცმული მოძღვრის დანახვისას მათ ეჭვი არ შეეტანათ მის ღმერთობაში. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ვნება იყო არა უძლურება, არამედ ნებაყოფლობითი მსხვერპლი. 2. მოსეს და ელიას გამოჩენა ამოწმებს, რომ ქრისტე არის მთელი ძველი აღთქმის აღმასრულებელი. ამასთანავე, მოსე წარმოადგენდა მიცვალებულებს, ხოლო ელია - ცოცხლად ზეცად აღტაცებულთ, რაც აცხადებს, რომ ქრისტე არის ცოცხალთა და მკვდართა უფალი. 3. მაცხოვარმა მიიღო ადამიანური ბუნება, არამხოლოდ იმისათვის, რომ გამოესყიდა იგი, არამედ იმისათვისაც, რომ განეწმინდა და განედიდებინა. თაბორზე გამოჩენილი ნათელი აჩვენებს, თუ რად უნდა იქცეს ადამიანი ღმერთთან ზიარებით - ის ხდება ღვთაებრივი დიდების მატარებელი.
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ტრადიციაში ფერისცვალებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. წმინდა მამები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თაბორის მთაზე ძე ღვთისას საღვთო ბუნებას ახალი თვისება არ შეუძენია; იესოს ღვთაებრივი დიდება მუდამ გააჩნდა, მაგრამ იგი მოციქულთათვის დაფარული იყო. ფერისცვალებისას ცვლილება მოხდა არა ქრისტეში, არამედ მოწაფეებში - სულიწმიდის მადლით მათ აეხილათ სულიერი თვალი, რათა შეძლებოდნენ ღვთაებრივი დიდების ხილვას. ღირსი იოანე დამასკელი ბრძანებს: „თაბორის მთაზე ქრისტემ კი არ შეიძინა ის, რაც ადრე არ ჰქონდა, და არც გარდაიქმნა იმაში, რაც მანამდე არ იყო, არამედ აჩვენა თავის მოწაფეებს ის, რაც სინამდვილეში იყო, განუხვნა რა მათ თვალები და ბრმანი მხედველნი გახადა.“
ფერისცვალებას, როგორც მოვლენას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა წმინდა გრიგოლ პალამას შრომებში. მან ეკლესიის მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, განავითარა მოძღვრება ღვთის არსებასა და ენერგიებს შორის განსხვავების შესახებ. მისი თქმით, თაბორის ნათელი არ ყოფილა შექმნილი, ფიზიკური ან სიმბოლური ნათელი, არამედ ღვთის უქმნელი ენერგია და დიდება. თესალონიკელი მღვდელმთავრის სწავლებით: „ღვთის ნათელი, რომელიც თაბორზე გამოჩნდა, არც შეიქმნა და არც გაქრა, არამედ იყო უქმნელი, სულიერი, გამოუთქმელი და მიუწვდომელი. იგი არის ღმრთეების ბუნებრივი ბრწყინვალება.“ ამ მოძღვრების თანახმად, თუმცა ღვთის არსება მიუწვდომელია შექმნილი არსებებისათვის, ადამიანი უქმნელი ენერგიების (მადლის) მეშვეობით რეალურად ეზიარება ღმერთს. შესაბამისად, ფერისცვალება არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ლოცვის, განწმენდისა და ასკეტური ცხოვრების გზით გახდეს თაბორის ნათლის ჭვრეტის ღირსი.
თანამედროვე ეპოქა, რომელიც ხასიათდება სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით და მატერიალიზმით, განსაკუთრებულ საჭიროებას აჩენს ფერისცვალების მოვლენის სიღრმისეული გააზრებისა. თანამედროვე ადამიანი ხშირად ცდილობს გარესამყაროს, სოციალური სტრუქტურებისა, თუ გარემო პირობების შეცვლას, საკუთარი შინაგანი სამყაროს უგულებელყოფით. ფერისცვალება მიუთითებს, რომ ჭეშმარიტი ცვლილება იწყება შიგნიდან - გონებისა და გულის გარდაქმნით (სინანულით), რაც შემდგომ გარესამყაროზეც აისახება. უიმედობისა და ნიჰილიზმის ხანაში, ფერისცვალება ადამიანს ახსენებს მის უმაღლეს დანიშნულებას. ადამიანი არ არის უბრალოდ ბიოლოგიური არსება, არამედ მოწოდებულია გახდეს „ღვთაებრივი ბუნების თანაზიარი“ (2 პეტრე 1:4). ფერისცვალება აცხადებს სხეულისა და მატერიის სიწმინდეს. ქრისტეს სხეულისა და სამოსის გაბრწყინება გვიჩვენებს, რომ მთელი მატერიალური სამყარო მოწოდებულია განწმენდისა და ფერისცვალებისაკენ.
უფლის ფერისცვალება არ არის მხოლოდ აღსრულებული ისტორიული ფაქტი; იგი არის მარადიული მოწოდება და რეალობა ეკლესიის ცხოვრებაში. თაბორის მთაზე გაცხადებული ღვთაებრივი ნათელი დღესაც განანათლებს თითოეულ ქრისტიანს, რომელიც ლოცვით, ევქარისტიულ ცხოვრებითა და სიყვარულის საქმეებით ცდილობს დაძლიოს ცოდვის სიბნელე და ეზიაროს ქრისტეს უქმნელ ნათელს.
წაიკითხეთ ასევე
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
მართლმადიდებელ ჟურნალისთტა კავშირის ქართულ რედაქციასთან დეკანოზმა ისაუბრა გასაჯაროებულ დოკუმენტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.
სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა
უკრაინის მართლმადიდენელი ეკლესიის( PCU-ს) შექმნის ირგვლივ ატეხილი სკანდალების შესახებ მოსაზრებები.
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში
ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო პრობლემატიკა და რეალური პერსპექტივები.
გასაჯაროებული საეკლესიო დოკუმენტი: პოროშენკოს ზეწოლა 2018 წლის გაერთიანების კრებაზე
კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.
ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.