რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს

რუსთავში აღმოჩენილი კოლექტიური სამარხები. ფოტო: inforustavi
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ისტორიული მნიშვნელობის სამარხები აღმოაჩინეს, არქეოლოგებმა აქტიური კვლევითი სამუშაოები დაიწყეს. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
ქალაქის მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აღმოჩენილია 11 სამარხი, რომელთაგან ერთის ზედა ფენები უკვე გახსნილია, ხოლო კიდევ ერთში შვიდი ინდივიდის დაკრძალვაა დადასტურებული. მისი განმარტებით, აღნიშნული სამარხები კოლექტიური ტიპისაა და საუკუნეების წინ ერთ ოჯახში შემავალ ადამიანებს ერთსა და იმავე სამარხში კრძალავდნენ.
პაჭიკაშვილის თქმით, მსგავსი კოლექტიური სამარხები რუსთავის სხვადასხვა ტერიტორიაზეც არის აღმოჩენილი, თუმცა სანაპიროს ქუჩაზე არსებული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ისტორიული ქალაქი მხოლოდ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არ იყო განლაგებული და დასახლება მარჯვენა სანაპიროზეც ვრცელდებოდა.
„სამარხები აღნაგობისა და ტიპოლოგიის მიხედვით თარიღდება IV–V საუკუნეებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი VI საუკუნესაც მიეკუთვნებოდეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება. როგორც წესი, ასეთი სამარხები ეკუთვნოდა რიგით რუსთაველ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვაჭარ-ხელოსანთა ფენას წარმოადგენდა. ეს არ იყო ღატაკი მოსახლეობა, კოლექტიური სამარხის აშენება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვდა — ისინი ქვიშაქვის ფილებისგან არის დამზადებული, რომელთა მოჭრა, დამუშავება, ტრანსპორტირება და ადგილზე ამოშენება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო,“ — განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მცირე პერიმეტრზე ერთდროულად 11 სამარხის აღმოჩენა ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ მეტი სამარხი იყოს და კვლევის გაგრძელების შედეგად ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებიც გამოვლინდეს.
არქეოლოგიური სამუშაოები ამჟამად გრძელდება და სპეციალისტები დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ, რაც ქალაქ რუსთავის უძველესი ისტორიის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი დაარსდა.
წაიკითხეთ ასევე
ბერძენი მამა პეტრე ჰირსი: „ეკუმენიზმი - ბოლო ჟამის ცდუნება“
მამა პეტრე ჰირსმა მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირის ბერძნული გამოცემის კითხვებს უპასუხა.
უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას
,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.