22 დეკემბერი მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა

იოაკიმე და ანა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეჲ იგი" (ეზ. 44:2);
დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: "მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14).
მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, მოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.
ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა, ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.
ყოვლადწმინდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი გახლდათ ლევიტელთა ტომიდან.
ანას მამა, ნათანიც, წინაპრების მსგავსად, ღვთისმსახური, ბეთლემელი მღვდელი გახლდათ. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა - მარიამი, სოფიო და ანა.
სოფიოს ასული, ელისაბედი არის იოანე ნათლისმცემლის დედა.
წმინდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს - გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობას, შვილი არ შეეძინათ. უნაყოფობა კი ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა.
წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწი მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. გარდა ამისა, იოაკიმეს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო.
გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად, ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.
დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა და უთხრა:
- უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო!
სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს:
- შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი!
იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა.
ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ტიროდა მართალი მოხუცი, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნისხის ძირას იჯდა და ცრემლად იღვრებოდა, ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებლად აქცევს!
ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო აცრემლდა, კიდევ მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან:
- უბედური მხოლოდ მე ვარ, - მოთქვამდა იგი, - ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარდგა და უთხრა:
- ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს!
ანგელოზმა დაავალა ანას, წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა.
ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა:
- ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს!
ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა:
- უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე!
ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინაც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

წაიკითხეთ ასევე

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი

„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“- დავით აღმაშენებლის მემატიანე მას ასე ახასიათებს.

პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე

პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.

ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე

იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.

მარხვა თანამედროვე ცხოვრების რიტმში

მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კითხვას ცალსახა პასუხს სცემს: მარხვა არა მხოლოდ არ კარგავს აქტუალობას, არამედ სწორედ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავლენს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას.

თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?

ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.

მრისხანების დამღუპველი ვნება

მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.