ილია II-ის მოსახსენებელი პანაშვიდი ფანარში
ცნობილია ის თბილი განწყობა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარული, რაც ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს აწ განსვენებულ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან აკავშირებდა.
სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციაში, ამა წლის 18 ივლისს მნიშნელოვანი შეხვედრა შედგა. მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აჭარაში მცხოვრები აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ბანაკში.
შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. მსოფლიო პატრიარქმა დალოცა ახალგაზრდები და მათ წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ბატონმა დავით ფაცაციამ მადლობა გადაუხადა ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო იჩენს დევნილი ახალგაზრდების მიმართ. „მსოფლიო საპატრიარქოს მფარველობა და გვერდში დგომა ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“ - აღნიშნა მინისტრმა. საგულისხმოა სიტყვები (დალოცვა), რომლებიც მსოფლიო პატრიარქის მხრიდან გაჟღერდა: „საქართველო ძალიან მალე გაერთიანდება“.
ცნობილია ის თბილი განწყობა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარული, რაც ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს აწ განსვენებულ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან აკავშირებდა. სწორედ მან აუგო წესი ჩვენს მხცოვან პატრიარქს და წარმოთქვა ძალზეც ემოციური სიტყვა: „საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმიდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველიერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა – ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში – მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღმრთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. წმინდა მოციქულთასწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან, იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილიამ! ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას…“
ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ერთგვარ გვირგვინს წარმოადგენდა პანაშვიდი, რომელიც უწმინდესმა ბართლომეოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სულის მოსახსენებელად გადაიხადა ამა წლის 20 ივლისს, ფანარში, მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ერთი მხრივ ილია II-ის დიდ ავტორიტეტს და მეორე მხრივ პატრიარქ ბართლომეოსის მისდამი დამოკიდებულებას.