„სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო“

2825
09 ივნისი 17:40
43
მაწყევარი ქალი. ილუსტრაცია: მჟკ მაწყევარი ქალი. ილუსტრაცია: მჟკ

წყევლა არ არის უბრალო, შემთხვევითი ბგერების ერთობლიობა. ის არის ადამიანის შიგნით არსებული ბოროტების, აგრესიის, შურისძიების წყურვილისა და სიძულვილის ნაყოფი.

ქრისტიანული თვალთახედვით, გააზრებითა და ლოგიკით წყევლა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის მთავარ არსს - სიყვარულს, მიტევებასა და კურთხევას. სახარებისეული მთავარი მცნება, არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულიც არის. ნამდვილი სულიერი სიმაღლე ვლინდება მაშინ, როცა სიყვარულსა და კეთილგანწყობას გასცემ მათ მიმართ, ვისგანაც საპასუხოდ არაფერს ელოდები, ან ვინც შენს მიმართ მტრულადაა განწყობილი. ხოლო როდესაც ადამიანი სხვას წყევლის, ის შეგნებულად უსურვებს მას ბოროტებას, უბედურებას და დაღუპვას.

წყევლა არ არის უბრალო, შემთხვევითი ბგერების ერთობლიობა.

ის არის ადამიანის შიგნით არსებული ბოროტების, აგრესიის, შურისძიების წყურვილისა და სიძულვილის ნაყოფი. როდესაც ადამიანი სხვას წყევლის, ის ამჟღავნებს, რომ მისი სული ამ მომენტში სიყვარულისა და მშვიდობისგან დაცლილია. სანამ სიტყვა ბაგეზე მოდგება, ის გადის გონებასა და გულს. შესაბამისად, უნდა ვებრძოლოთ არა უბრალოდ სიტყვების წარმოთქმას, არამედ იმ უკეთურ აზრებსა და გრძნობებს, რომლებიც ამ სიტყვებს ბადებენ. ქრისტიანული მორალით, როდესაც ადამიანი წყევლას წარმოთქვამს, ის საკუთარ თავს აშორებს ღვთის მადლს.  წყევლა, სანამ სხვაზე იმოქმედებდეს (ან არ იმოქმედებდეს), ანგრევს თავად იმ ადამიანის სულიერ სამყაროს, ვინც მას წარმოთქვამს.

ძველად (მათ შორის იუდაიზმშიც) მიღებული იყო პრინციპი „კბილი კბილის წილ“, რაც მტრის დაწყევლასაც გულისხმობდა. მაცხოვარმა ახალი, სიყვარულის გზა გვიჩვენა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ“ (ლუკა 6:27-28). მაშასადამე, წყევლას მხოლოდ სიყვარულითა და კურთხევით (ანუ მათთვის სიკეთის სურვილით) უნდა ვუპასუხოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

წმინდა წერილი წყევლასთან, ბოროტმეტყველებასთან მიმართებით ერთსულოვანია. წმინდა იაკობ მოციქული, უფლის ხორციელი ძმა, ეპისტოლეში ბრძანებს: „ენაჲ კაცთაჲ ვერვის ხელეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამასა, და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად“ (იაკ. 3:8-10). ამასვე განაჩინებს წმინდა პავლე მოციქული, როდესაც რომაელებს მიმართავს და მათი სახით მთელს სამყაროს განსწავლის: „აკურთხევდით მდევართა თქუენთა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ (რომ. 12:14).

რა თქმა უნდა, წმინდა წერილისეული შუქი საეკლესიო მოძღვართა ქადაგებებშიც აირეკლება. ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: „დაიცავი შენი პირი ბოროტი სიტყვებისგან, რათა შენში ღვთის შიში დამკვიდრდეს. თუ ადამიანს პირიდან გამოსდის წყევლა ან განკითხვა, ეს იმის ნიშანია, რომ მისი გული დაცარიელებულია სიყვარულისგან და იქ ბოროტმა ძალამ ჰპოვა სადგური.“ წმინდა იოანე ოქროპირი შეგვაგონებს: „ნუ იტყვი: მან მავნო და მინდა სამაგიერო გადავუხადო. არავის შეუძლია ავნოს მას, ვინც საკუთარ თავს თავად არ ვნებს. როდესაც შენ სხვას წყევლი, შენს საკუთარ თავს სცემ პასუხს; როდესაც შენ სხვას ლანძღავ, შენს საკუთარ სულს აყენებ ჭრილობებს, რამეთუ შენი პირიდან ამოდის ის, რაც პირველად შენსავე გულს ბილწავს. პირი არის სულის კარიბჭე; როდესაც მასში ბოროტი სიტყვები გადმოდის, ეს იმის ნიშანია, რომ შიგნით, გულში, სიბინძურეა დაგროვილი. როგორ გსურს, რომ ღმერთმა ისმინოს შენი ლოცვა, როდესაც იმავე ბაგეებით, რომლებითაც უფალს ადიდებ, მოყვასს წყევლი?“ ოქრომესიტყვე მღვდელმთავრისავე თქმით: „ქრისტიანის ბაგეები კურთხევისათვის არის შექმნილი და არა წყევლისათვის.

სიტყვას უდიდესი ფსიქოლოგიური ძალა აქვს. წყევლა ანგრევს ურთიერთობებს, შობს სამუდამო მტრობას, ბადებს შურისძიების სურვილს და ანადგურებს ოჯახებს. განსაკუთრებით მძიმეა მშობლის წყევლა შვილის მიმართ. წმინდა მამები აფრთხილებენ მშობლებს, რომ გაბრაზების მომენტშიც კი არასოდეს წამოსცდეთ ბოროტი სიტყვა შვილების მიმართ, რადგან მშობელს ღვთისგან განსაკუთრებული სულიერი ხელმწიფება აქვს მიცემული და ასეთმა სიტყვამ შესაძლოა შვილის ფსიქიკასა და ცხოვრებაზე მძიმე დაღი დაასვას. აი რას ბრძანებთ ღირსი პაისი ათონელი: „მშობლის წყევლა უძლიერესი იარაღია. როდესაც მშობელი თავის შვილს წყევლის, ის მას ეშმაკის ხელში გადასცემს. მაშინაც კი, თუ შვილი დამნაშავეა და მშობელს გულს ტკენს, მშობელმა მაინც უნდა თქვას: შვილო, ღმერთმა დაგლოცოს და მოგაქციოს. კურთხევას შეუძლია უდიდესი ცოდვილიც კი შეცვალოს, წყევლა კი მართალსაც ღუპავს.“

ხალხში ხშირად არსებობს წარმოდგენა იმისა, რომ წყევლას შეუძლია უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს ან შეაყაროს მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. წმინდა წერილი და ეკლესიის მამები ამას კატეგორიულად უარყოფენ. აი რას ბრზანებს იგავთა წიგნი: „ვითარცა მფრინველი რაჲ აღფრინდის და სირი, ეგრეცა წყევაჲ ამაოჲ არავის მიუხდის“ (იგავნი 26:2). თუ ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს (ლოცულობს, ეზიარება, ცდილობს სიყვარულით იცხოვროს), მასზე ვერანაირი ბოროტი სიტყვა ვერ იმოქმედებს. წმინდა იოანე ოქროპირიც ამასვე ბრძანებს, რომ როგორც კლდეს ვერაფერს აკლებს ნასროლი კენჭი და უკანვე ბრუნდება, ისე მართალ ადამიანზე ნასროლი წყევლა უბრუნდება მისსავე მთქმელს. როდესაც ღირს პაისი ათონელს უსამართლოდ დაწყევლილი ადამიანის შესახებ ჰკითხეს, მან ამგვარად მიუგო: „თუ ადამიანს უსამართლოდ წყევლიან, ეს წყევლა მასზე არ მოქმედებს. პირიქით, იგი კურთხევად იქცევა. ღმერთი ხედავს უსამართლობას და თავად იცავს მას, ვინც უდანაშაულოდ იტანჯება, ხოლო წყევლა უკანვე უბრუნდება მას, ვინც ის წარმოთქვა.“ წმინდა მამა თავის ცნობილ „კითხვა-მიგებაში“ ვრცლად განიხილავს ამ საკითხს და ეხება ასევე ე.წ. „უწყინარი წყევლის“ ფენომენს. ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი ბრძანებს: „ზოგიერთი დედა შვილს სიყვარულით სცემს ან მოფერებით წყევლის. ნუ აკეთებთ ამას! თუნდაც სიყვარულით ამბობდეთ, სიტყვას მაინც თავისი ძალა აქვს. ნუ აძლევთ ეშმაკს უფლებას, თქვენი სიტყვები თქვენივე შვილების წინააღმდეგ გამოიყენოს.“ სავსებით გასაგებია, თუ რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს სხვისთვის თითოეული ჩვენს მიერ უჯეროდ, დაუფიქრებლად, ან ვითომდა სიყვარულის გრძნობით ნაკარნახევი სიტყვა.

წყევლის, ლანძღვის ან ბოროტსიტყვაობის მავნე ჩვევისგან გათავისუფლება სერიოზულ სულიერ და ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს. პირველი ნაბიჯი არის იმის აღიარება, რომ ეს ჩვევა მძიმე ცოდვაა და არა „უბრალო ემოცია“. აუცილებელია აღსარებისას თქმა ამ ცოდვისა, რომ საღვთო მადლის კეთილმოხედვით დავძლიოთ ჩვენში ეს მანკიერება. გარდა ამისა, ადამიანმა, ვინც ამ მავნე ცოდვით არის „შეპყრობილი“, უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე და ღირსი პაისის სიტყვებისაებრ, უნდა აიძულოს საკუთარი ენა, რომ იმავ წამს, როცა ვინმესთვის ცუდის თქმა უნდა, საპირისპირო წარმოთქვას. თავიდან ეს იქნება ხელოვნური და გაჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ენა მიეჩვევა სიკეთის თქმას და წყავლაც კურთხევად შეიცვლება.

და ბოლოს, ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები გავიხსენოთ: „ნუ აყოვნებ შენს ენას ბოროტებაზე, რამეთუ სიტყვა, რომელიც ერთხელ გაფრინდება შენი ბაგეებიდან, უკან აღარ დაბრუნდება და ის შენს მსჯავრად იქცევა სამსჯავროზე. აკურთხე ყოველი, რათა შენც კურთხეული იყო.“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ