ზატიკის პერიოდი საეკლესიო ტრადიციაში
ზატიკის პერიოდი ასევე სამ ნაწილად განიყოფა: პირველი - აღდგომიდან თომას კვირამდე, მეორე - თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე და მესამე - ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირამდე.
მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება
საპასექო წელიწადის ფაქტორს, რომლის სულიერი ცენტრი და ათვლის წერტილი
პასექის ანუ აღდგომის დღესასწაულია. იგი არეგულირებს მოძრავ საეკლესიო
დღესასწაულთა თანმიმდევრობას.
საპასექო წელიწადი სამ ნაწილად იყოფა:
- პირველი - აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირამდე,
- მეორე - ყოველთა წმიდათა კვირიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე
- მესამე - მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მომავალ აღდგომამდე.
თითოეული ეს პერიოდი საღვთიმსახურო თვალსაზრისით
ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. საპასექო წლის პირველ პერიოდს
(აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირამდე) ასევე ზატიკის პერიოდი ეწოდება.
სიტყვა „ზატიკი“ სომხური წარმომავლობისაა და მისი ქართული შესატყვისია -
„ვნება“. თუმცა, ამ სიტყვამ მოგვიანებით „დღესასწაულის“ მნიშვნელობა შეიძინა და
ქართულ ენაში იგი ზმნა - „ზატიკობის“ სახელითაც იქნა დამკვიდრებული. აღდგომიდან
ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე პერიოდსაც განსაკუთრებული საზეიმო ხასიათის გამო
ეწოდა ზატიკის პერიოდი.
ზატიკის პერიოდიც ასევე სამ ნაწილად განიყოფა:
პირველი - აღდგომიდან თომას კვირამდე (ბრწყინვალე შვიდეული), მეორე - თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
(ამაღლების წინა დღემდე) და მესამე - ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირამდე.
საპასექო წლის ეს ვრცელი პერიოდი ცხრა კვირა დღისა და სხვადასხვა გარდამავალი
დღესასწაულებისაგან შედგება.
ბრწყინვალე შვიდეული ზატიკის და შეიძლება ითქვას მთელი საპასექო წლის
ყველაზე გამორჩეული პერიოდია. ღვთისმსახურება, რომელიც ამ დღეებში სრულდება,
სრულიად განსაკუთრებული და საზეიმოა, აქცენტირებულია რა მაცხოვრის
ცხოველსმყოფელ აღდგომაზე. ბრწყინვალე შვიდეულში ყოველადწმინდა
ღვთისმშობლის ხატთა დღესასწაულები აღინიშნება: სამშაბათს ეკლესია ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს („კარიბჭისა“ – „პორტაიტისა“) განადიდებს, ხოლო
პარასკევს - „წყარო ცხოვრებისას“ სახელით ცნობილ დედა ღვთისას ხატს, რომლის
ხსენების დღესაც საეკლესიო ტრადიციით მცირე აიაზმაც სრულდება.
ზატიკის პერიოდის მეორე კვირა დღე თომას კვირაა. მას ასევე ახალკვირა ან
ანტიპასქაც ეწოდება, რაც აღდგომის ნაცვალს, აღდგომის განახლებას ნიშნავს.
აღნიშნულ კვირას ეკლესია თომა მოციქულის მიერ მაცხოვრის გვერდის განხილვას
იხსენებს, რომელიც აღდგომიდან მერვე დღეს აღესრულა და რომლითაც მოციქული
საბოლოოდ დარწმუნდა მაცხოვრის აღდგომის ჭეშმარიტებაში. წმინდა იოანე
ოქროპირი ამგვარად განადიდებს თომა მოციქულის საქციელს: „მიყვარს, თომა,
შენი ეგე ურწმუნოება საიდუმლოისა ამის. ჰოი, თომა საფუძველი
სარწმუნოებისა შენი ეგე ურწმუნოება! ვაქებ შენსა მაგას სიტყვისგებასა და ქრისტეს
მოყვარესა გონებასა. ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაითა მრწმენეს მე მდიდრად;
ითხოვე უფლისაგან, რაითა შენითა თხოვითა მისგან ზიარ ვიქმნე მეცა მაცხოვრისა“.
მესამე კვირას მენელსაცხებლე დედათა კვირა ეწოდება. ეკლესია კვლავ
აღდგომასთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და ამჯერად მაცხოვრის საფლავთან
მისულ მენელსაცხებლე დედებს განადიდებს, რომელთაც ანგელოზისაგან ეუწყათ
სასიხარულო მოვლენა და მისგანვე მიიღეს მითითება წასულიყვნენ და ეხარებინათ
მოციქულებისთვის მაცხოვრის აღდგომის შესახებ.
მათთან ერთად ასევე მოიხსენიებიან
მართალი იოსებ არიამათიელი და ნიკოდიმოსი, რომელთაც გარდამოხსნეს ჯვრიდან
მაცხოვარი, შეგრაგნეს სუდარით და ახალ საფლავში დაასვენეს (ინ. 19, 38-42).
ზატიკის პერიოდის კვირათა მოსახსენებელი, ამაღლებამდე გრძელდება იმ
მოვლენების გახსენებით, რომლებიც მაცხოვრის ვნებამდე და აღდგომამდე აღესრულა
და, რომელი მოვლენებიც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მის ყოვლისშემძლეობას. აქ
ისეთ სასწაულებზეა საუბარი, რომლებზეც განსაკუთრებულად უნდა
დაფიქრებულიყვნენ ქრისტეს ღმერთობაში დაეჭვებული იუდეველები და ერწმუნათ
მისი, როგორც ჭეშმარიტი მესიისა.
მეოთხე კვირას მოხსენიებულია მაცხოვრის მიერ ოცდათვრამეტი წლის
განრღვეულის განკურნების ამბავი.
იგი არის სახე განრღვეული, უძლური, უუნარო
კაცობრიობისა, რომელიც მაცხოვარმა თავისი აღდგომით აღაგდგინა და საუკუნო
სიცოცხლე უბოძა.
განრღვეულის კვირის შემდგომ ოთხშაბათს ეკლესია განზოგებას აღნიშნავს, რაც
ზატიკის პერიოდის გაშუალედებას ნიშნავს. ამ დღის საკითხავებში განსაკუთრებული
ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს დღე ორი დღესასწაულის მადლით არის
გაჯერებული და ბრწყინავს: „ზატიკთა განზოგება საღმრთო მოვიდა დღეს და ერთ-კერძო
აღდგომისა დიდებითა ჰნათობს, ხოლო ერთ-კერძო ნუგეშინისმცემელისა სულისა
მადლითა ჰბრწყინავს“.
მეხუთე კვირას სამარიტელის კვირა ეწოდება. ეკლესია ამ დღეს სამარიტელი
დედაკაცის სასწაულებრივ მოქცევას იხსენებს, რომელიც მაცხოვართან საუბრის შემდეგ
თავად გახდა მისი მქადაგებელი. საეკლესიო სწავლებით, მაცხოვართან მოსაუბრე
დედაკაცი არის სახე ერთი მხრივ ჩვენი პირველმშობლის - ევასი და მეორე მხრივ მთელი
წარმართული სამყაროსი, რომლებმაც განსხვავებით იუდეველებისგან მიიღეს და
ირწმუნეს ქრისტე. სამარიტელის კვირის ერთ-ერთ საკითხავში ვკითხულობთ:
„მეექუსესა ჟამსა დღისასა, წყარო ნიშთა და სასწაულთა, მოხუედ წყაროსა ზედა, რათა
განჰკურნო ცთომაი ევა პირველქმნულისა, რამეთუ ევა ჟამსა მას განვიდა სამოთხისაგან
და ფუფუნებისა გუელისა ცთუნებითა და ამასვე ჟამსა შინა მოიწია სამარიტელი
ვსებად წყლისა, რომელიცა იხილე რა არქუ მას მაცხოვარ, მასუ მე წყალი სასმელად და
მიგცე შენ წყალი ცხოველი...“. საეკლესიო გადმოცემით, რომელიც ამ დღის სვინაქსარით
დასტურდება, სამარიტელ დედაკაცს ფოტინე ერქვა, რომელიც იმპერატორ ნერონის
დროს თავის შვიდ ძესთან ერთად სასტიკად უწამებიათ, ხოლო მისი წმინდა ცხედარი
იმპერატორ იუსტინიანეს აია სოფიას ტაძარში გადაუსვენებია. მეექვსე კვირას შობიდან
ბრმის კვირა ეწოდება. ამ დღის სახელწოდებაც წასაკითხი სახარების შინაარსიდან
გამომდინარეობს. შობიდან ბრმა არის ცოდვის წყვდიადით მოსილი კაცობრიობის
მაგალითი, რომელსაც მაცხოვარმა ჭეშმარიტების ნათელი უბოძა და „მრჩობლი
ბრწყინვალება მიმჰადლა“. ამავე კვირის ოთხშაბათს წარიგზავნება აღდგომის
დღესასწაული და ბოლოჯერ გაისმის მთავარი სააღდგომო საგალობელი „ქრისტე აღდგა“.
ლიტურგიის ბოლოს კი, აღდგომის ტროპარ-კონდაკის გალობით გარდამოხსნას,
რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე წმინდა ტრაპეზზე იყო დასვენებული,
გადაასვენებენ ლუსკუმაში. აღდგომის წარგზავნით სრულდება ზატიკის მეორე
პერიოდი.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს,
რომელიც ყოველთვის შობიდან ბრმის კვირის ხუთშაბათს მოიწევა. წმინდა ათანასე
ალექსანდრიელის მოძღვრებით: „ხსენებაი აღდგომისაი მიანიჭებს კაცთა ძლევასა
სიკუდილისასა, ხოლო დღესასწაული ესე ამაღლებისაი ზეცად შესცვალებს სვლასა ამას
ქვეყანისასა და ჰყოფს ცასა სავალ კაცთა“. საეკლესიო სწავლებით, ორმოცი დღე
ეცხადებოდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს და ესაუბრებოდა ცათა სასუფევლის შესახებ.
ამცნებდა მათ, რომ არ წასულიყვნენ იერუსალიმის გარეთ, რადგან მოუვლენდა მათ
მამისგან აღთქმულ სხვა ნუგეშინისმცემელს. მოწაფეებმა იხილეს ზეცად აღმავალი
მაცხოვარი და ანგელოზებისგან ნუგეშიც მიიღეს, რომ „ესე იესუ, რომელი ამაღლდა
თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“.
ამაღლების შემდგომ კვირას პირველი მსოფლიო კრების მამათა ხსენება
აღესრულება. ქალაქ ნიკეაში 325 წელს შეკრებილ მამებს, რომლებმაც არიოზის
მწვალებლური სწავლება ერთხმად დაგმეს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ეკლესია:
„წლითი წლად დღეს ხსენებასა წმიდათა მამათასა, რომელნი შეჰკრბეს ყოვლისა
სოფლისაგან, ბრწყინვალესა ნიკეა ქალაქსა, მართლმადიდებელთა მწყობრნო უბიწონო,
ღმრთისმსახურებით და წადიერად სარწმუნოებით ვაქებდეთ...“ მართალია
ლიტუგიკული მსახურება არც სხვა კრებებს უქცევს გვერდს, თუმცა, ეკლესია პირველ
მსოფლიო კრებას მათგან განსხვავებით გამორჩეულ ადგილს მიაკუთვნნებს
ჰეორტოლოგიურ წელიწადში.
ვიდრე სულთმოფენობას ვიდღესასწაულებდეთ, წინა დღით, შაბათს,
მიცვალებულთა ხსენებას აღვასრულებთ. ამ დღეს სულის შაბათიც ეწოდება. ზატიკის
პერიოდის დასასრულს შესვენებულთა მოხსენებას ის დათვირთვა აქვს, რომ ეკლესია
უნუგეშოდ არ ტოვებს მათ სულებს, ლოცულობს მათთვის, რომ მიეფინოთ
სულიწმინდის მადლი და საუკუნო ნეტარ ცხოვრებას მიემთხვიონ.
სულთმოფენობა აღდგომიდან მერვე კვირაა. ამაღლებასთან ერთად ისიც
გარდამავალ დღესასწაულთა რიგს მიეკუთვნება.
იგი ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე და ახალი სულიერი ეპოქის დასაწყისია.
„მეერგასესა დღესა ვდღესასწაულობთ და მოსლვასა სულისა ცხოველისასა და დროსა და აღთქმისა აღსრულებასა და სასოებისა ჩვენისა სრულ-ყოფასა...“. სულთმოფენობის შესახებ წმინდა ლუკა მახარებელი „საქმე
მოციქულთაში“ შემდეგს გვაუწყებს: მესამე ჟამს „იყო მეყუსეულად ზეცით ოხრა,
ვითარცა მოწევნა ქარისა სასტიკისა და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს
მსხდომარე და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა
თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა ზედა“. მაცხოვრის მიერ ნათქვამი სიტყვები - „არა
დაგიტევნე თქუენ ობლად“, აღსრულდა. ქრისტემ მათ სხვა ნუგეშინისმცემელი
მოუვლინა.
წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით: „და მოვიდა სული შემდგომად ძისა,
დაებეჭდა ხსნაი ჩუენი ბეჭდითა თვისითა, აღმაღლდა მხოლოდშობილი იგი, რომელი
დამდაბლდა ჩუენთვის წყალობითა თვისითა, გარდამოხდა ნუგეშინისმცემელი, რაითა
აღასრულოს ძლევაი ჩუენი მოწყალებით“. ზატიკის პერიოდის განსაკუთრებული
საზეიმო ხასიათის გამო სულთმოფენობამდე მუხლმოდრეკა არ სრულდება.
სულთმოფენობის შემდგომი მსგეფსი (შვიდეული) ხსნილია, რაც ერთგვარი
მზადებაა პეტრე- პავლობის მარხვისათვის და გვირგვინდება ყოველთა წმიდათა
კვირით, რომელიც რიგით მეცხრე, დამაბოლოებელი კვირაა ზატიკის პერიოდისა.
ეკლესია საპასექო წლის პირველ პერიოდს მის წიაღში მყოფი ყველა წმინდანის
მოხსენებით ასრულებს, რომლებიც ღვთის წინაშე მყოფობენ და როგორც მოზეიმე
ეკლესიის წევრები, ჩვენთვის აღავლენენ ვედრებას. ყოველთა წმიდათა კვირის
მომდევნო ორშაბათს ეკლესია პეტრე-პავლობის მარხვას იწყებს.