14 თებერვალი მიცვალებულთა საერთო ხსენების დღეა
2026 წლის 14 (ძ.სტ. 1) თებერვალი ხორციელის შაბათი — მიცვალებულთა საერთო ხსენების დღეა.
რატომ ეწოდება უძღები შვილის შემდგომი კვირის დღეებს ხორციელი? იმიტომ, რომ ეს კვირა ბოლოა დიდმარხვამდე, როცა ხორცის გამოყენება შეიძლება საკვებად. შემდეგ კვირაში (ყველიერში) უკვე მხოლოდ რძის პროდუქტი და კვერცხის მიღება შეიძლება. ხორციელის შაბათი და ასევე დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია.
ამ დღეს ეკლესიებში წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი. სიტყვა პანაშვიდი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს მთელი ღამის ლოცვას — ანუ ისეთ ლოცვას, რომელიც სრულ ყურადღებას და გულს მოითხოვს. ეკლესია ამით გვასწავლის, რომ მიცვალებულთა ხსენება არ არის „ფორმალურად თქმა“, არამედ ნამდვილი ზრუნვა მათზე, ვისაც თვითონ აღარ შეუძლია ლოცვა და საკუთარ სულზე ზრუნვა. გადავხედოთ რას ამბობენ ეკლესიის წმიდა მამები მიცვალებულთა სულთათვის ზრუნვაზე: წმიდა იოანე ოქროპირი: „ვცდილობთ ვუშველოთ მიცვალებულებს არა ცრემლებით, არამედ ლოცვით, მოწყალებითა და შესაწირავით, რადგან ეს სარგებლობას აძლევს მათ სულებს.“ წმიდა ბასილი დიდი: „სასარგებლოა მიცვალებულთათვის ლოცვა და მოწყალება, რადგან ცოცხალთა სიყვარულის ნაყოფი ღმერთის წინაშე არ იკარგება.“ წმიდა ეფრემ ასური: „ნუ დაიზარებთ, ძმანო, მიცვალებულთათვის ლოცვასა და შესაწირავს, რადგან ეს მათ სულებს სიხარულს ანიჭებს და ღვთის მოწყალებას მოუხმობს.“ წმიდა მაკარი ეგვიპტელი: „როგორც ცეცხლი ათბობს ახლოს მდგომთ, ისე ლოცვა ანათებს იმ სულებს, რომელთაც ცოცხალნი სიყვარულით მოიხსენიებენ.“ წმიდა ისააკ ასური ამბობს, რომ მოწყალე გული სიყვარულით ლოცულობს ყველასთვის, რადგან ღვთიური სიყვარული სიკვდილით არ იზღუდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ქუთაისში სამი დიდი მღვდელმთავრის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს.