შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ კონსტანტინოპოლის — ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად თავისი სახელით გაგზავნილ წერილში უწმინდესმა და უნეტარესმა მსოფლიო პატრიარქს კეთილი სურვილები გაუზიარა და მისი საპატრიარქო მსახურების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ოცდათხუთმეტი წლის წინ, ღვთის ნებით, თქვენ იტვირთეთ კონსტანტინოპოლის უძველესი საპატრიარქო საყდრის მწყემსმთავრობის საპატიო, ამავე დროს კი – მეტად საპასუხისმგებლო და მძიმე ჯვარი“, — აღნიშნა შიო III-მ.
კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერებით გაიხსენა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის მიმართ ბართლომეოსის მიერ სხვადასხვა დროს გამოხატული მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმეს დღეებში მსოფლიო პატრიარქის მიერ გამოგზავნილ წერილსა და მანუგეშებელ სიტყვებს: „თქვენი ჯვარი დღეს ჩვენი ჯვარიც ხდება“.
„ჩვენ ყოველთვის გვახსოვს საქართველოს ეკლესიისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი თქვენ მიერ არაერთგზის გამოვლენილი მხარდაჭერა და პატივისცემა. ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მუდამ ვგრძნობთ თქვენს გულწრფელ თანადგომას“, — ნათქვამია მილოცვაში.
შიო III-მ განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია მსოფლიო პატრიარქისა და სრულიად საქართველოს ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მეგობრობა. მისი თქმით, ილია II-ის დაკრძალვაზე ბართლომეოსის ჩამობრძანება, ქართველი ერის მწუხარების გაზიარება და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის მოწმობად დარჩება.
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მსოფლიო პატრიარქს მადლობა გადაუხადა საკუთარი საპატრიარქო მსახურების პირველივე დღეებიდან გამოჩენილი მხარდაჭერისთვისაც.
„დიდად ვაფასებთ ჩემი საპატრიარქო მსახურების პირველივე დღეებიდან თქვენ მიერ გამოვლენილ მხარდაჭერას. მადლიერებითა და სიმხნევით აღმავსო თქვენმა თბილმა სიტყვებმა და დალოცვამ, რაც ჩემთვის ძვირფას ნუგეშად და სულიერ შეწევნად იქცა“, — აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მილოცვაში შიო III შეეხო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც და მსოფლიო პატრიარქს ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამოგზავნილი მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
მან გამოთქვა სასოება, რომ სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებას, მსოფლიო მართლმადიდებლობისა და მშვიდობის საკეთილდღეოდ.
წერილის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბართლომეოსს ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და საპატრიარქო მსახურებაში ღვთის შეწევნა უსურვა.
„გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის შემწეობას, რათა ღირსეულად აღასრულებდეთ თქვენს საპატიო მსახურებას უფლის სადიდებლად, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად და კაცთა შორის სიყვარულის განსამრავლებლად“, — ნათქვამია შიო III-ის მილოცვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე.
