თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისში, შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაციას გეგმავს. მოსამზადებელ ეტაპზე სააგენტომ ტაძარზე საპროექტო და კვლევითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო.
მომზადებული პროექტი ეკლესიის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლასა და გამოვლენილი დაზიანებების საფუძველზე შესაბამისი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრას ითვალისწინებს.
ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ ყურაშვილი და შპს „არტიტექტურის“ დირექტორი, პროექტის ხელმძღვანელი გელა ჯვარიძე. მათ ეკლესია დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მის მდგომარეობას და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილეს.
კვლევის შედეგად ტაძარზე კონსტრუქციული ბზარები, აგურისა და ბათქაშის დაზიანებები, აგრეთვე წყლისა და ნესტის ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები გამოვლინდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია ძეგლის კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესება, არსებული დაზიანებების აღმოფხვრა და წყლის შეღწევის პრობლემის მოგვარება. სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური სახის შენარჩუნებაა.
წმინდა ნინოს ეკლესია 1884 წელს, არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. აგურით ნაგები მოკლე სამნავიანი ბაზილიკა თბილისში ბიზანტიური სტილით შესრულებულ ნაგებობათა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები 1999 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2019 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტის საფუძველზე, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''.
