9 ოქტომბერს ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს
ქრისტეს საყვარელი მოწაფე წმინდა მოციქული და მახარებლი იოანე ღვთისმეტყველი რომლის ქადაგების უმთავრეს გზავნილს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს წარმოადგენდა.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 ოქტომბერს წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს.
წმინდა იოანე თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. მაცხოვრის შესახებ წინამორბედის მოწმობის მოსმენის შემდეგ იგი ანდრია მოციქულთან ერთად ქრისტეს გაჰყვა. მოგვიანებით, როდესაც უფალმა მას და მის ძმას, იაკობს, მოუწოდა, იოანემ ყველაფერი დატოვა და მაცხოვრის მოწაფე გახდა.
იოანე ღვთისმეტყველი იმ მოწაფეთა შორის იყო, რომლებიც უფალმა განსაკუთრებით დაიახლოვა. იგი დაესწრო იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინებასა და მაცხოვრის ფერისცვალებას თაბორის მთაზე. საიდუმლო სერობისას კი ქრისტეს მკერდზე მიყრდნობილმა ჰკითხა მოძღვარს, ვინ გასცემდა მას.
წმინდა მოციქული მაცხოვრის ჯვარცმის დროსაც მის გვერდით დარჩა. გოლგოთაზე, ჯვართან მდგომ იოანეს უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა მიანდო: „აჰა დედაჲ შენი!“ ამ დროიდან მოციქული ღვთისმშობელს მოსიყვარულე შვილივით ემსახურებოდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იოანე თავის მოწაფე პროხორესთან ერთად ეფესოში გაემგზავრა, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება იქადაგა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მის სამოციქულო მოღვაწეობას მრავალი სასწაული და წარმართთა ქრისტიანობაზე მოქცევა ახლდა.
ქრისტეს აღიარების გამო წმინდა იოანემ დევნა და გადასახლება დაითმინა. კუნძულ პატმოსზე ყოფნისას მას მიეცა გამოცხადება, რომელიც ახალი აღთქმის უკანასკნელ წიგნში — „იოანეს გამოცხადებაში“, ანუ აპოკალიფსში — აისახა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მოციქულმა ეფესოში განაგრძო მოღვაწეობა და მახლობელი ქრისტიანული თემების სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა.
იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქულს უწოდებენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, როდესაც ხანდაზმულობის გამო ვრცელი ქადაგების წარმოთქმა უჭირდა, მოწაფეებს გამუდმებით შეაგონებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. კითხვაზე, რატომ იმეორებდა ამ სიტყვებს, პასუხობდა, რომ ეს უფლის მცნება იყო და მისი შესრულება საკმარისი იქნებოდა.
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა იოანე ას წელს იყო გადაცილებული, როდესაც აღესრულა. მისი მიცვალების შესახებ გადმოცემა მოგვითხრობს, რომ მოციქული მოწაფეებს დაემშვიდობა, ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა და შიგ ჩაწვა. მოგვიანებით, როდესაც ეფესელმა ქრისტიანებმა საფლავი გახსნეს, მისი სხეული იქ აღარ აღმოჩნდა.
წმინდა იოანეს იკონოგრაფიული სიმბოლო არწივია, რომელიც მისი ღვთისმეტყველური აზრის სიმაღლეს გამოხატავს. ქრისტეს მოციქულთაგან „ღვთისმეტყველის“ სახელით ეკლესიამ სწორედ იოანე მოიხსენია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.
