,,ლავრას სამი ბერი სასიკვდილოდ გაიმეტეს“ — იღუმენი ნაზარ ბასილაია
„რაც მოხდა სვიატოგორსკის ლავრაში, გამორჩეულად მტკივნეული ფაქტია სასულიერო პირებისთვის და ზოგადად ყველა ქრისტიანისთვის“ — იღუმენი ნაზარ ბასილაია ტრაგიკულ მოვლენას ეხმაურება.
იღუმენი ნაზარ ბასილაია სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება და მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ქართულ ფილიალთან საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარი განსაკუთრებით მტკივნეულია როგორც სასულიერო პირებისთვის, ისე ყველა ქრისტიანისთვის.
„ზოგადად, ეკლესიას ათწლეულების მანძილზე ახსოვს დევნა და სასულიერო პირების შევიწროება, მკვლელობა, ჩაქოლვა და მსგავსი ვანდალური ფაქტები. ეს ეკლესიისთვის უცხო არ არის, მაგრამ რაც მოხდა სვიატოგორსკის ლავრაში, არის გამორჩეულად მტკივნეული ფაქტი სასულიერო პირებისთვის და ზოგადად ყველა ქრისტიანისთვის“, — განაცხადა იღუმენმა ნაზარ ბასილაიამ.
მისივე თქმით, სვიატოგორსკის ლავრაში სამი ბერის ტრაგიკული ბედი განსაკუთრებით მძიმეა.
„ლავრას სამი ბერი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ჩვენ, როგორც სასულიერო პირები მოძმე ქვეყნიდან, თანავუგრძნობთ და ვიზიარებთ იმ დიდ მწუხარებას, რაც ლავრას დაატყდა თავს“, — აღნიშნა მან.
იღუმენი ნაზარ ბასილაია იმედოვნებს, რომ მომხდართან დაკავშირებული დეტალები სრულად გახდება ცნობილი და მოკლული ბერის ხსოვნა სათანადოდ იქნება დაფასებული.
„რეალურად, თუ იქნება გამოძიებული ეს დეტალები, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რადგან ეს ბერი, რომელიც ასე სასტიკად იქნა მოკლული, მოწამეც იყოს. ეს იქნება ქრისტიანობის მუხტის გამაძლიერებელი“, — განაცხადა იღუმენმა.
სასულიერო პირი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, ილოცონ, რათა მსგავსი ტრაგიკული ფაქტები აღარ განმეორდეს და ეკლესია კვლავ არ აღმოჩნდეს დევნისა და ძალადობის მძიმე რეალობის წინაშე.
„ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს და არ დავუბრუნდეთ იმ ძველ დროს, რომელიც ბოლშევიკური რეჟიმის დროს გაიარა როგორც საქართველოს ეკლესიამ, ისე სხვა ქვეყნის ეკლესიებმა“, — განაცხადა იღუმენმა ნაზარ ბასილაიამ.
შეგახსენებთ, 2026 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე, უცნობი თავდამსხმელების ჯგუფი თავს დაესხა მონასტრის მაცხოვრებლებს, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრის ზედა ნაწილში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან არც თუ ისე შორს. მოკლეს ბერი ბარსანოფი (ტურიანსკი), ხოლო მძიმედ დაიჭრნენ ბერი გრიგოლი და მონასტრის მორჩილი ანდრეი კირიენკო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი სასტიკად მოკლეს, ორი კი დაჭრეს.