შიო III: „დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ-ის გახდა ჩვენი მარადიული მეოხი“

28 აგვისტო 17:07
192
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III. ფოტო: მჟკ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III. ფოტო: მჟკ

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და მარიამობის სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სადღესასწაულო ქადაგებით სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მორწმუნეებს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება არ ნიშნავს მის განშორებას კაცობრიობისგან.

„დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა“, — აღნიშნა შიო III-მ.

ქადაგებისას პატრიარქმა ისაუბრა გარდაცვალების ქრისტიანულ მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ სიკვდილი ქრისტიანული სწავლებით არ წარმოადგენს საბოლოო დასასრულს, არამედ არის გადასვლა მარადიულ ცხოვრებაში.

მისივე განმარტებით, წმინდა მამები გარდაცვალებას ადამიანის „მესამე დაბადებად“ მოიხსენიებენ — დაბადებად მარადიული სიცოცხლისთვის.

„როგორც ხორციელად იბადება ადამიანი ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის“, — ბრძანა შიო III-მ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ადამიანი ამ მნიშვნელოვანი მომენტისთვის სათანადოდ უნდა ემზადებოდეს და მორწმუნეებს მოუწოდა, დაფიქრდნენ მარადიულ ცხოვრებაზე, ლოცვასა და სულიერ მზადებაზე.

შიო III-მ ქადაგების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებული სიყვარულითა და ლოცვით იხსენებენ მის სიტყვებს, მსახურებასა და სულიერ ღვაწლს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ილია II-ის სულის შეწევნა და ცხონება შესთხოვა.

„დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“ — ბრძანა შიო III-მ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ