26 აგვისტო ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეა

26 აგვისტო 16:00
324
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

წმიდანი, რომელმაც მართლმადიდებლობის დასაცავად უმძიმესი ტანჯვა დაითმინა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები საქართველოში გაატარა.

26 აგვისტოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო — სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, ეცნობოდა ძველ ავტორთა ნაშრომებს და სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას.

თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაქსიმე იმპერატორ ჰერაკლეს პირველი მდივანი გახდა. თუმცა, სამეფო კარის ცხოვრება მისთვის სულიერად მძიმე აღმოჩნდა და მან ყოველივე დატოვა, ქრისოპოლის სავანეს მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

კეთილკრძალული ცხოვრებითა და თავმდაბლობით წმიდა მაქსიმემ საძმოს სიყვარული დაიმსახურა და მოგვიანებით მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. მიუხედავად მაღალი ხარისხისა, იგი საკუთარ თავს კვლავ „უბრალო ბერად“ მიიჩნევდა.

ღირსი მაქსიმე განსაკუთრებით გამოირჩეოდა მონოთელიტობის ერესის წინააღმდეგ ბრძოლით. იგი დაუღალავად იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას და ქადაგებდა ქრისტეს ორ ბუნებასა და ორ ნებაზე მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას.

მართლმადიდებლობის დაცვისთვის ღირსი მამა არაერთხელ დევნეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იგი უმძიმეს წამებას დაექვემდებარა თავის ორ მოწაფესთან ერთად — სამივეს ენა ამოაჭრეს და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს.

გადმოცემის თანახმად, აქ სასწაული აღესრულა — მოწამეებს კვლავ დაუბრუნდათ ლაპარაკისა და წერის უნარი.

წმიდა მაქსიმემ წინასწარ უწყოდა თავისი აღსასრულის შესახებ და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოს განსაკუთრებულად უკავშირდება — იგი ქ. ცაგერშია დასაფლავებული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ