26 აგვისტოს ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელის და სალოსის დაბადების დღეა
26 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს წმინდა ღირს მამა გაბრიელ აღმსარებელ და სალოსს — თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ წმინდანს.
1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, რომელსაც შემდგომში მონაზვნობაში გაბრიელი ეწოდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღრმა სარწმუნოებითა და ეკლესიისადმი განსაკუთრებული სიყვარულით.
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951–1955 წლებში, საკუთარ ეზოში ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო. მიუხედავად იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობისა და არაერთი მცდელობისა, დაენგრიათ ტაძარი, მამა გაბრიელის მიერ აშენებული ეკლესია დღემდე დგას.
1955 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 23 თებერვალს კი მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და წმინდა გაბრიელ ათონელის პატივსაცემად გაბრიელი ეწოდა. რამდენიმე დღეში იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს.
მამა გაბრიელის ცხოვრება განსაკუთრებით მძიმე იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში. 1965 წლის 1 მაისს მან თბილისში, კომუნისტური აღლუმის დროს, ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და ამით ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულება საჯაროდ გამოხატა. ამის გამო იგი სასტიკად აწამეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოათავსეს, თუმცა რწმენისა და ქრისტესადმი ერთგულების გზას არასოდეს ჩამოშორებია.
სიცოცხლის ბოლო წლები მამა გაბრიელმა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
წმინდა მამა გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა და, თავისი სურვილისამებრ, სამთავროს მონასტრის სასაფლაოზე ბერ-მონაზვნური წესით დაკრძალეს.
დღეს მისი საფლავი და წმინდა ნაწილები უამრავი მორწმუნისათვის განსაკუთრებული სულიერი ნუგეშისა და ლოცვის ადგილია. მამა გაბრიელის ცხოვრება სიყვარულის, თავმდაბლობის, სიმტკიცისა და ქრისტესადმი უსაზღვრო ერთგულების ნათელი მაგალითია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს.