მიტროპოლიტმა გერასიმემ რომეო ბულია საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი დააფასეს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა გერასიმემ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რომეო ბულია ეკლესიისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური თანადგომისა და მხარდაჭერისთვის საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართა. ღონისძიებას რომეო ბულია ოჯახის წევრებთან — მეუღლესა და შვილთან — ერთად დაესწრო.
ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკლესიასა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმ ერთობლივი საქმიანობის როლს, რომელიც ქართული სულიერი, კულტურული და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებას ემსახურება.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრმა რომეო ბულიას დამსახურებული ჯილდო მიულოცა და წარმატება, ჯანმრთელობა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
ამასთან, ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირსა და ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობას გააღრმავებენ. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების, ეროვნული ტრადიციებისა და სულიერი და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში მათ მიმართ ინტერესის გაძლიერებას.
ეპარქიის ცენტრში იმედი აქვთ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.