ბერი ანდრიას ფონდის დაარსებიდან 15 წელი შესრულდა
მარტყოფის ღვთაების ლავრაში ბერი ანდრიას სულის მოსახსენებელი ლიტურგია და პანაშვიდი აღესრულა.
ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) გარდაცვალებიდან 15 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის ღვთაების ლავრაში მისი სულის მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია აღევლინა, რომელიც ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) აღასრულა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბერი ანდრიას საფლავზე პანაშვიდი გადაიხადეს და მისი ხსოვნა ლოცვითა და პატივისცემით გაიხსენეს.
ამავე დღეს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება „ბედნიერ სახლში“ გაიმართა, სადაც ფონდის მრავალწლიანი მეგობრები, მხარდამჭერები და ერთგული გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
საღამოს პირველი ნაწილი ფონდის შვილობილების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს დაეთმო. მორის მეტერლინკის ნაწარმოების — „ლურჯი ფრინველის“ — მიხედვით დადგმული წარმოდგენა რეჟისორმა ზაზა აღლაძემ მოამზადა. სპექტაკლში გამოყენებული იყო ბერი ანდრიას ბავშვობისდროინდელი ჩანახატების კრებულიდან „სიკეთის საგალობელი“ ამონარიდები, რამაც წარმოდგენას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა.
ფონდის 15 წლის იუბილე მრავალწლიანი მეგობრებისა და მხარდამჭერების თანადგომით აღინიშნა. ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ფონდის შვილობილების განწყობასა და მათთვის სადღესასწაულო გარემოს შექმნას.
საიუბილეო საღამო ქალაქური სიმღერების თანხლებით გამართული გალა-ვახშმითა და ტორტის გაჭრის ტრადიციული ცერემონიით დასრულდა.
ბერი ანდრიას მიერ დაწყებული სიკეთის საქმე მის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე ნუგზარ მილორავა ოჯახის წევრებთან ერთად სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარებოდა. სწორედ ამ მისიის გაგრძელებას ემსახურება მისი სახელობის ფონდი, რომელმაც დაარსებიდან დღემდე 800-ზე მეტ ბავშვს გაუწია დახმარება და კვლავ აგრძელებს ბერი ანდრიას ანდერძის აღსრულებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებმა წმინდა ზიარება მიიღეს.