ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგა
გამოცემა მართლმადიდებლური მოძღვრების ფუნდამენტურ საკითხებს სისტემურად მიმოიხილავს და მათ საღვთისმეტყველო განმარტებას სთავაზობს მკითხველს.
2026 წლის 31 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის – „ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ – პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი სისტემურად წარმოგვიდგენს მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითად სწავლებებს და მკითხველს სთავაზობს ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტური საკითხების თანმიმდევრულ განხილვას. გამოცემაში განხილულია ღმერთის შესახებ მოძღვრება, წმინდა გარდამოცემა, წმინდა წერილი, მრწამსი, ათი მცნება, ცხრა ნეტარება და შვიდი საეკლესიო საიდუმლო, თითოეულის საღვთისმეტყველო მნიშვნელობის განმარტებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
ღონისძიება აკადემიურ და საეკლესიო წრეებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითად იქცა და ხაზი გაუსვა ქრისტიანული ღვთისმეტყველების საკითხებზე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელობას. ახალი გამოცემა საინტერესო სახელმძღვანელო იქნება როგორც თეოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ისე ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების სიღრმისეულად გაცნობა სურს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.