ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის პრეზენტაცია შედგა
გამოცემა „ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ“ XVIII-XIX საუკუნეების ქართველი მოაზროვნეების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
2026 წლის 30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ახალი წიგნის – „ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ“– პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა დამსწრე საზოგადოებას ახალი გამოცემა გააცნო და მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წიგნი აერთიანებს სამ სამეცნიერო გამოკვლევას, რომლებიც XVIII–XIX საუკუნეების გამორჩეული ქართველი მოაზროვნეების – ანტონ ჭყონდიდელის, იონა ხელაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონის – ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მიტროპოლიტ გრიგოლს ახალი ნაშრომის გამოცემა მიულოცეს და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ქართული ფილოსოფიური და ღვთისმეტყველებითი აზროვნების კვლევისათვის.
წიგნის პრეზენტაცია აკადემიური და საეკლესიო წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა და თანამედროვე ქართული სამეცნიერო-ღვთისმეტყველებითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი გამოცემის წარდგენად შეფასდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ ახალ საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.