სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს გარდაცვალებიდან ოთხი წელი შესრულდა

2824
30 ივლისი 19:03
20
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია)

მეუფე დამიანეს ხსოვნას პატივი პანაშვიდით მიაგეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

30 ივლისს სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებიდან ოთხი წელი შესრულდა.

ხსოვნის დღეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია). სასულიერო პირებმა და მრევლმა ლოცვით პატივი მიაგეს განსვენებული მღვდელმთავრის ნათელ ხსოვნას.

მეუფე დამიანე საეკლესიო მოღვაწეობას 1999 წლიდან შეუდგა, როდესაც საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მორჩილებაში იმყოფებოდა. 2002 წლიდან მან მსახურება სამთავისისა და გორის ეპარქიაში განაგრძო.

2004 წლის 2 იანვარს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ( გვაზავა) იგი ბერად აღკვეცა და სახელად დამიანე უწოდა. იმავე წლის 4 სექტემბერს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა, ხოლო 2005 წლის 28 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი. მოგვიანებით მეუფე დამიანე ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული. მისი ეპისკოპოსად ქიროტონია 2013 წლის 3 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა. ხელდასხმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღასრულა.

მეუფე დამიანე 2022 წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლში, მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ღირსეულ მღვდელმთავრად და ერთგულ მსახურად რჩება, რომლის ღვაწლსაც სასულიერო და საერო საზოგადოება პატივით იხსენებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ