ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხატმწერ მანონ მაქაცარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება
22 ივლისს წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული უნიკალური ხატები, რომლებიც ავტორმა საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ტაძარს შესწირა.
22 ივლისს, 15:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზუგდიდელი ხატმწერის, მანონ მაქაცარიას, პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ თექაზე შესრულებული ხატები, რომლებიც მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
პროფესიით ფოტო-რეტუშორი მანონ მაქაცარია უკვე ათი წელია თექაზე ქმნის ხატებს. იგი პირველი ზუგდიდელი ხატმწერია, რომელმაც თექაზე შესრულებული ნამუშევრები მსოფლიოსა და საქართველოს არაერთ გამორჩეულ ტაძარს შესწირა. მათ შორისაა იტალიაში ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ნეაპოლის წმინდა ანდრია მოციქულის ტაძარი, ხოლო საქართველოში – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესია.
ხელოვანს დღემდე ჩატარებული აქვს 5 პერსონალური და 55 ერთობლივი გამოფენა. საერთაშორისო აღიარება მან ინდოეთის მსოფლიო ფესტივალზე მაჰათმა განდის თექაზე შესრულებული პორტრეტით მოიპოვა.
მანონ მაქაცარია საქართველოს მხატვართა ლიგისა და მხატვართა კავშირის წევრია, ასევე მწერალთა აკადემიის საპატიო წევრი და აფხაზეთის ომის ვეტერანი.
გამოფენა ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.