პაპუაშვილი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია
პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეწვია, მოილოცა ისტორიული ტაძრები და მეუფე გერასიმეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მასპინძლობით მოილოცა ეპარქიის ისტორიული ტაძრები, მონასტრები და სიწმინდეები.
პაპუაშვილის ინფორმაციით, სტუმრებმა მოილოცეს ცაიშის, კორცხელისა და წალენჯიხის ტაძრები, ასევე სქურის მამათა მონასტერი. მისი შეფასებით, თითოეული ეს სიწმინდე ქრისტიანული რწმენის უწყვეტობისა და ქართული სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი სიმბოლოა.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი სიწმინდეები ახსენებს საზოგადოებას იმ ღრმა ფესვებს, რომლებზეც ქართული ქრისტიანული ტრადიცია დგას, განსაკუთრებით იმ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
შალვა პაპუაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ მხარეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ, ხოლო ცაიში საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.
ვიზიტის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს გულთბილი მასპინძლობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცების მისიას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.