ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა და მეუფე ეფრემმა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე — ბოლნისის სიონის ტაძარზე — სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, რომელიც ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ეფრემს შეხვდა. მათ ერთობლივად დაათვალიერეს ტაძარი, შეაფასეს მისი არსებული მდგომარეობა და განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
პროექტის ფარგლებში ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში მიმდინარეობს ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. უკვე მოხსნილია საბჭოთა პერიოდში ცემენტის დუღაბზე მოწყობილი იატაკი, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება ბუნებრივი ქვის ახალი იატაკის დაგება. არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში მოწესრიგდება ტაძარში არსებული სამარხებიც.
სარეაბილიტაციო პროექტი ასევე ითვალისწინებს ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობას, ინტერიერში ელექტროგაყვანილობის სისტემის მონტაჟს, საკურთხეველსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ მინაშენზე არსებული დაზიანებული სახურავის დემონტაჟსა და ახალი სახურავის მოწყობას.
ბოლნისის სიონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისის ჩრდილოეთით, საავტომობილო გზის მიმდებარედ. კომპლექსის მთავარი ნაგებობა V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც ბოლნური ტუფის თლილი კვადრებითაა აგებული და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრექრისტიანულ არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზემო ულუმბოს მონასტერში ღირსი მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღე საზეიმო ლიტურგიით აღინიშნა.