სვეტიცხოვლის ტაძრის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

4 ივლისი 10:57
486
სვეტიცხოველი. ფოტო: ღია წყარო სვეტიცხოველი. ფოტო: ღია წყარო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2026-2027 წლებში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კვლევას, კონსერვაციასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებს. სააგენტომ შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა ორ ეტაპად გამოაცხადა, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2026-2027 წლებში განხორციელდება და მოიცავს ტაძრის დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებებს.

სააგენტოს განმარტებით, მრავალწლიანი და ეტაპობრივი პროექტი დაფუძნებული იქნება სამეცნიერო კვლევებზე. ამ მიზნით დაგეგმილია ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შეფასება, არსებული და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, ასევე ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური და მასალათმცოდნეობითი კვლევების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში მომზადდება ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტი, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო მასალები, ტექნიკური დავალებები, მეთოდოლოგიური დოკუმენტები, ასევე შეიქმნება მონიტორინგისა და მონაცემთა მართვის სისტემა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, არქიტექტურული, მხატვრული, სულიერი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ტაძარი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს მისი ავთენტურობის, მთლიანობისა და გამორჩეული უნივერსალური ღირებულების დაცვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის დროულად განხორციელება აუცილებელია, რადგან ნებისმიერი შემდგომი სარეაბილიტაციო ან სარესტავრაციო ჩარევა უნდა დაეფუძნოს წინასწარ ჩატარებულ კვლევებს, დიაგნოსტირებასა და სამეცნიერო ანალიზს.

სააგენტოს განმარტებით, შესყიდვების წინასწარ სრულად დაგეგმვა შეუძლებელი იყო, რადგან პროექტი ურთიერთდაკავშირებული და თანმიმდევრული ეტაპებისგან შედგება, ხოლო შემდგომი სამუშაოების მოცულობა და ფინანსური საჭიროებები მხოლოდ მიმდინარე კვლევების შედეგების მიღების შემდეგ დაზუსტდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ქვაბულის მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ