რუმინეთის საპატრიარქო კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმას ეხმაურება
საპატრიარქო აცხადებს, რომ ლავრისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი დანაკარგია მთელი ქრისტიანობისა და კაცობრიობის საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის.
რუმინეთის საპატრიარქომ ოფიციალური განცხადებით გამოხატა ღრმა შეშფოთება და მწუხარება კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებული თავდასხმის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მიყენებული ზიანი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსა და კაცობრიობის საერთო დანაკარგია.
„რუმინეთის საპატრიარქო ღრმა შეშფოთებასა და მწუხარებას გამოთქვამს კიევ-პეჩორის ლავრაზე, მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, განხორციელებული თავდასხმის გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს შეფასებით, ასეთი რელიგიური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე სალოცავის დაზიანება საფრთხეს უქმნის მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
განცხადების დასასრულს რუმინეთის პატრიარქი მშვიდობისთვის ლოცვას აღავლენს და მოუწოდებს ძალადობის შეწყვეტისკენ.
„ვევედრებით ღმერთს, ძალადობა დასრულდეს, მშვიდობა აღდგეს, ადამიანთა სიცოცხლე იყოს დაცული და გადარჩეს ეს რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აჩვენა მიძინების ტაძრის მდგომარეობა დაბომბვის შემდეგ.